ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია,რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატივოს ხდის. ამასთან, დოკუმენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.