ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ქვეყნის დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისა და თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებს. ჰამასის თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ისრაელში 1300-ს მიაღწია. ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზაში კი 1537 ადამიანია დაღუპული. ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება 130-ზე მეტი ისრაელელი. ისრაელი ღაზას სრულ ბლოკადას აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ღაზაში გაერო-ს ჯგუფის ხელმძღვანელებს ისრაელის არმიაში მათმა მეკავშირე ოფიცრებმა აცნობეს, რომ ვადი ღაზას ჩრდილოეთიდან მთელი მოსახლეობის ღაზას სამხრეთით ევაკუირება 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს.