ეკონომიკაში თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან გაცილებით უფრო მარტივი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთმა და საქართველომ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება დაიწყეს.
„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მოწვევისთვის, ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. მიზეზი, რის გამოც ჩამოვედით, არის ის, რომ უნგრელი ხალხის მხრიდან ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა.
ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ ქრისტიანული სახელმწიფო შეინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა ეს, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცით ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავიანთ რწმენას არ თმობდნენ. ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რაც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე იყოს შენარჩუნებული, რომელიც ძალიან მაღალი იქნება, თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაშია.
ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ვიხილავდით. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს უმთავრესია განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან, ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი“, - განაცხადა ორბანმა.