თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთსა და საქართველოს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება.
„მინდა მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარსა და ძლიერ მხარდამჭერს, ვიქტორ ორბანს. ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, თავის კაბინეტთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდა. ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და დღეს საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში ისტორიული დღეა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა, ვიყავი ბუდაპეშტში ვიზიტით, სადაც შევთანხმდით პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები.
მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენი, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და გავიმეორებ - უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს.
გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ყველა მიმართულებით, გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები წინსვლა და შედეგები.
დღევანდელი დღეც ჩაუყრის საფუძველს მეტი შედეგების მოტანას ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.