ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ევროკავშირს თავშესაფარი 800 ათასზე მეტმა ადამიანმა სთხოვა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Die Welt ავრცელებს, რომელმაც ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ახალი ანგარიში ექსკლუზიურად მოიპოვა. კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, ნორვეგიასა და შვეიცარიაში უკვე 801 459-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი. გამოცემის ინფორმაციით, მანამდე მსგავსი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა წლიურად თავშესაფრის მოთხოვნაზე მილიონ ორასი ათასზე მეტი განაცხადი გაკეთდა. ლტოლვილთა სააგენტო, ასევე, პროგნიზრებს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება და წელს ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე მილიონზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდება. ანგარიშის მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის ყველაზე დიდი ზრდა ლატვიასა და ესტონეთში დაფიქსირდა, რაც უკრაინის ომის გამო ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის ზრდით აიხსნება. 2022 წელს ბელარუსის მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 5 051 განაცხადი შეიტანეს. გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 74%-ით გაიზარდა. ყველაზე ხშირად მას სირიის, ავღანეთის და თურქეთის მოქალაქეები ითხოვდნენ. ამასთან, ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტომ თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის შემცირება დააფიქსირა დანიაში, მალტაში და კვიპროსში. წლის პირველ ცხრა თვეში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ცოტა განაცხადი უნგრეთში შევიდა, რომელსაც ამ სტატუსის მისაღებად მხოლოდ 26-მა ადამიანმა მიმართა.