ქართველი ეკონომისტები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ. მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის მეორე კვარტალის, ასევე, 2022 წლის მესამე კვარტალის შეფასებასთან შედარებით. PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები. ყველაზე მაღალ საფრთხედ კი არც მეტი და არც ნაკლები მუშახელის დეფიციტი დასახელდა. გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%- მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა. გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. ამავდროულად, ეკონომისტების ნახევარი ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.