ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი შესაძლოა გაიზარდოს. პარტია „გირჩის“ კანონპროექტი აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე წარდგენილია. ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშობათ იმ პირებს, ვისი წლიური შემოსავალიც 40 000 ლარი ან მეტია და საკუთრებაში ფლობენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას. 100 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში კი მოქალაქე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით იბეგრება. როგორც „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივაშია ნათქვამი, შემოსავლის ეს ზღვარი 2010 წელს დადგინდა, მაშინ როცა ამ ოდენობის შემოსავალი საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა, თუმცა წლების განმავლობაში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, შესაბამისად შემოსავალი ლარში გაიზარდა და ახლა ქონების გადასახადის გადახდა ბევრად მეტ ფიზიკურ პირს უწევს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები ქონების გადასახადის ზღვარის ზრდას იმითაც ხსნიან, რომ მართალია ლარში შემოსავლები იზრდება, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ადამიანები რეალურად არ მდიდრდებიან ან მდიდრდებიან დაბალი ტემპით, ხოლო გადასახადების ზღვარი უცვლელი რჩება, ამიტომ მათი მიზანია ქონების გადასახადის ზღვარი გაიზარდოს და ღირებულებით ნაწილში 2010 წელს დადგენილს დაუბრუნდეს. მაგალითად, გაცვლითი კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, 2010 წელს 40 ათასი ლარის მსყიდველობითი უნარი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ახლა 70 ათასი ლარის შემთხვევაში. ამიტომ პარტია გირჩში ფიქრობენ, რომ ქონების გადასახადი სწორედ ამ ზღვრამდე უნდა გაიზარდოს. 100 ათასი ლარისა და მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ზღვარის გაზრდას 175 ათას ლარამდე ითხოვენ. ცვლილებების ინიცატორების თქმით თუ საკანონმდებლო ცვლილებები განხორცეილდება ეს ათასობით ადამიანს შეუმცირებს საგადასახადო ტვირთს და მათ მეტი ფული დარჩებათ საკუთარი შემოსავლებიდან.