* მუამარ კადაფი -
ლიბიელი რევოლუციონერი და რეფორმატორი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე მუამარ კადაფი, რომელიც მთელი 40 წელი მართავდა ლიბიას ჯერ რევოლუციური თავმჯდომარის, მერე ‘’მოძმე ბელადის’’ რანგში, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რადგან მონარქიის დამხობაც შეძლო და საკუთარი პოლიტიკური რეჟიმის - ჯამახირიის დამყარებაც, ამბიციური რეფორმებიც განახორციელა და საბედისწერო შეცდომებიც მრავლად დაუშვა.
ურჩ და უმართავ, საერთაშორისო აუტსაიდერად გამოცხადებულ კადაფის, რომელმაც თითქმის მთელ მსოფლიოსთან მოასწრო წაკინკლავება, ზოგი აღფრთოვანებით იხსენებს, ზოგი სიძულვილით, რადგან მართალია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, მაგრამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დესპოტ ტირანად ქცეულმა ვერც ლიბიას მოუტანა სიკეთე, ვერც ლიბიელებს. მეტიც, 2011 წლის სამოქალაქო ომის დროს, სწორედ თანამემამულეებმა შეიპყრეს 80 წლის დიქტატორი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს.
* წარმომავლობა -
ბიოგრაფების მტკიცებით, მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სალამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფი 1939 წელს დაიბადა, თუმცა თავად დიქტატორი ირწმუნებოდა, რომ 1943 წლის 7 ივნისს მოევლინა სამყაროს ქალაქ სიტრადან 30 კილომეტრის დაშორებით, ტრიპოლიტანიის უდაბნოში ღარიბი ბედუინის ოჯახში. სხვათა შორის, ლინგვისტები დღემდე დავობენ კადაფის სახლზე, რადგან 30-ზე მეტი ლათინური ტრანსკრიფციის მიუხედავად, დაზუსტებით მაინც არავინ იცის როგორ იწერება მისი სრული სახელი.
მუამარის ოჯახი არაბული წარმოშობის, მცირე და ნაკლებად გავლენიან ტომურ ჯგუფს მიეკუთნებოდა, მამა - აბუ მენიარი ბერბერი ბედუინი იყო და თხებს, აქლემებს მწყემსავდა, დედა აიშა ბინ ნირანი კი, უფროს ქალიშვილებთან ერთად უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას.
* ოჯახის სიამაყე -
9 წლის მუამარი სკოლაში მიაბარეს, თუმცა უფროსი კადაფის წყალობით, რომელიც მომთაბარე ცხოვრებას წესს მისდევდა მუდმივად ახალი საძოვრების ძიებაში, მცირეწლოვან მუამარს რამდენიმე სასწავლებლის გამოცვლა მოუხდა. მეტიც, ზოგჯერ მანძილი სკოლასა და ბედუინების ბანაკს შორის რამდენიმე ათეულ კილომეტრს აღწევდა, თუმცა ადრეული ასაკიდანვე ჯიუტმა კადაფიმ მაინც არ თქვა სწავლაზე უარი და მართალია, ხან სოფლის მეჩეთში რჩებოდა, ხან მთელი ღამე ფეხით ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ მაინც შეძლო 6-წლიანი კურსის 4 წელიწადში გავლა და დაწყებითი სკოლის დამთავრება.
ლიბანში ყოველთვის ძვირი ღირდა და ნამდვილ ფუფუნებად ითვლებოდა განათლების მიღება, ამიტომ მუამარი მთელი ცხოვრება ემადლიერებოდა მამას, რომელმაც ფინანსური სირთულეების მიუხედავად მაინც შეძლო შვილისთვის დაწყებითი განათლების მიცემა, მით უფრო, რომ უმცროსი კადაფი ერთადერთი იყო ოჯახში, ვინც წერა-კითხვა იცოდა.
* პოლიტიკით გატაცება -
პოლიტიკით მუამარი საშუალო სკოლაში დაინტერესდა, როცა ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუერთდა და მათთან ერთად გაილაშქრა მონარქიის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა კადაფიმ 1961 წლის ოქტომბრის თვეშიც, როცა დემონსტრაციას ჩაუდგა სათავეში და გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან სირიის გამოყოფა გააპროტესტა. ახალგაზრდა აქტივისტი მხოლოდ მსვლელობის მოწყობით არ დაკმაყოფილდა და აქციის ბოლოს მწვავე განცხადებით მიმართა ლიბიელებს, რაც რამდენიმეთვიან პატიმრობად დაუჯდა, თუმცა არც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შეწყვიტა გამოსვლები და პერმანენტულად აწყობდა აქციებს ალჟირის რევოლუციის მხარდასაჭერად.
* სამხედრო სასწავლებელი -
მისრათას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კადაფიმ ბენგაზიში, ლიბიის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, თუმცა ისტორიის კურსი მისთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა. მოცულობითი დოსიეს მიუხედავად, რომელიც პოლიციაში ინახებოდა, 1963 წელს კადაფიმ მაინც შეძლო მისრათელ მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად სამეფო სამხედრო აკადემიაში ჩაბარება.
აღსანიშნავია, რომ შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ნაკლებად შეძლებულ ლიბიელებისთვის სწორედ სამხედრო სამსახური წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ამაღლების ერთადერთ შანსს, კადაფი კი, სამეფო აკადემიაში სწავლას სხვა უპირატესობებთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო საშუალებადაც მიიჩნევდა.
* მზადება გადატრიალებისთვის -
1964 წელს თანამოაზრეებთან ერთად კადაფიმ რევოლუციური მოძრაობა - თავისუფალი ოფიცრების ცენტრალური კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. საკუთარი ხელფასის საერთო ფონდში გადარიცხვით შეთქმულებმა ჯერ სადაზვერვო მონაცემები შეაგროვეს, მერე მომხრეები შემოიკრიბეს ლიბიის რეგიონებიდან და მთელი ქვეყნის მასშტაბით იატაკქვეშა ქსელი გამართეს. მართალია, ახალგაზრდა სამხედროების საეჭვო საქმიანობის შესახებ მთავრობამ და სპეცსამსახურებმაც შეიტყვეს, მაგრამ ნაკლებად სახიფათოდ მოეჩვენათ მათი აქტიურობა და ყურადღება არ მიაქციეს.
* ბრიტანეთში მოგზაურობა -
1966 წელს კადაფი ბრიტანეთში გაემგზავრა ინგლისური ენისა შესასწავლად, საავიაციო და ფეხოსანთა კორპუსის სამხედრო კომუნიკაციების ინსტრუქტორის კურსის გასავლელად. მართალია, ბრიტანელებმა დადებითად შეაფასეს ლიბიელი კურსანტის მიღწევები, რომელიც ‘’მუდამ ხალისიან, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ ახალგაზრდად’’ დაახასიათეს, მაგრამ თავად კადაფი აღმოჩნდა უკმაყოფილო. მუამარმა რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა ევროპელები, რომლებიც თითქოს არაბული წარმომავლობის გამო დასცინოდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას. არაბული იდენტობის ხაზგასასმელად კადაფი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სეირნობდა ლონდონის ცენტრში, სამშობლოში დაბრუნებულმა კი, აღნიშნა, რომ ‘’მართალია, ლიბიასთან შედარებით ინგლისი ბევრად ცივილური და განვითარებული ქვეყანა იყო, მაგრამ სახლში მაინც საოცრად ამაყი დაბრუნდა, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამდენად მტკიცეა ლიბიური ხასიათი, იდეები და ფასეულობები’’.
* სახელმწიფო გადატრიალება -
მონარქიის დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხანგრძლივი მზადების შემდეგ, 1969 წლის პირველ სექტემბერს რევოლუციონერები კადაფის მეთაურობით გადავიდნენ მოქმედებაზე და სწრაფად დაიკავეს სამხედრო ყაზარმები და პოლიციის განყოფილებები, აეროპორტები და რადიოსადგურები ტრიპოლიში, ბენგაზსა და ლიბიის სხვა მსხვილ ქალაქებში. სწორედ ბენგაზის რადიოს ეთერიდან მიმართა კადაფიმ ლიბიელებს, რომელთაც მონარქიის დამხობის, რეაქციული და კორუმპირებული რეჟიმის დასრულების შესახებ აუწყა და ახალი ლიბიური არაბული რესპუბლიკის შექმნა ახარა, რომელსაც რევოლუციონერ მეთურთა საბჭო ჩაუდგა სათავეში.
* სახელმწიფო სამსახურში -
პრემიერ-მინისტრის პოსტზე კადაფიმ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც შეითავსა, პირველ რიგში უცხოელი სამხედროები გააძევა ქვეყნიდან და გაანადგურა მათი ბაზები, განახორციელა მიწების, ფინანსური ორგანიზაციების ნაციონალიზაცია და ცვლილებები შეიტანა კალენდარში, რომლის ათვლა წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალებიდან დაიწყო.
კადაფიმ ერთიანად გააუქმა მონარქისტული მთავრობის კანონმდებლობა და ახალი შექმნა, რომელიც სრულად დაექვემდებარა შარიათის კანონებს, კატეგორიულად აიკრძალა აზარტული თამაშები, ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა და მოხმარება.
* ‘’მესამე მსოფლიო თეორია’’ –
ისლამური სოციალიზმის, აფრიკული ნაციონალიზმისა და პირდაპირი დემოკრატიის იდეებით შთაგონებულმა კადაფიმ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე საკუთარი პოლიტიკური კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მონარქისტული და რესპუბლიკური წყობისგან, თუმცა არც კომუნიზმის პრინციპებს იზიარებდა, არც კაპიტალიზმის. ორიგინალური კონცეფცია, რომელიც ახლად შექმნილ ქვეყანას - სახალხო სოციალისტურ ლიბიის არაბულ ჯამახარიას დაედო საფუძვლად, პრემიერმა „მესამე მსოფლიო თეორია’’ უწოდა და დეტალურად აღწერა საკუთარ ნაშრომში ‘’მწვანე წიგნში’’.
* საგარეო პოლიტიკა -
კადაფი დიდხანს ოცნებობდა აფრიკული კონტინენტის ისლამური ქვეყნების გაერთიანებაზე. სწორედ არაბული რევოლუციური ფრონტის შექმნას ემსახურებოდა ტრიპოლის ქარტიაც, რომელსაც 1969 წელს ლიბიასთან ერთად ეგვისტისა და სუდანის მმართველებმაც მოაწერეს ხელი. მართალია, ქარტიის მიზანს სამი ქვეყნის საბოლოო პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა, რომელსაც მოგვიანებით სხვა ქვეყნებიც შეუერთდებოდნენ, მაგრამ ჰამალ აბდელ ნასერის გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტეს ანვარ სადატი ჩაუდგა სათავეში, ვისთანაც კადაფის უთანხმოება მოუვიდა და ქარტიაც გააუქმა.
1970 წელს ლიბიის ლიდერმა არა უბრალოდ მოუწოდა აფრიკის მუსულმანებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პალესტინის გათავისუფლებისკენ, არამედ ჯერ ჯიხადის ფონდი, მერე მოხალისეთა ცენტრი შექმნა ‘’ებრაელი ბოევიკების ნებისმიერ ფასად ლიკვიდაციისთვის’’. მართალია, თავიდან კადაფი პალესტინის ლიდერს იასირ არაფატს და მის მოძრაობას ‘’პალესტინის გათავისუფლებისთვის’’ უჭერდა მხარს, მაგრამ მოგვიანებით, როცა აქტიური ბრძოლისკენ მოწოდების მიუხედავად, არაფატმა მაინც ზომიერი პოლიტიკის შენარჩუნება არჩია, კადაფი რადიკალებს, მათ შორის, პალესტინის სახალხო ფრონტსა და აბუ ნიდელის დაჯგუფებას მიემხრო. მეტიც, სწორედ მან დააფინანსა ‘’შავ სექტემბრად’’ წოდებული ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მოაწყო ტერაქტი და მძევლად აიყვანა ებრაელი სპორტსმენები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უცხოელი პარტნიორების მიმართ მტრულად განწყობილმა კადაფიმ პრაქტიკულად სრული კრახი განიცადა, რადგან სწორედ მისი პროვოცირებით ჩაება ლიბია მეზობელ ჩადთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში და გაუქმდა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა კი, ჯერ ლიბიურ ნავთობზე დააწესა ემბარგო, მერე ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობა, რითაც მნიშვნელოვნად აზარალა ლიბიის ეკონომიკა.
* საშინაო პოლიტიკა -
გარე მტრების პარალელურად კადაფიმ არც‘’შინაურები’’ დაინდო. კადაფის პოლიტიკით უკმაყოფილო ოპოზიციონერებს, რომლებიც პერმანენტულად იმუქრებოდნენ გადატრიალებით, პრემიერმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, ერთიანად აკრძალა პოლიტიკური პარტიების და მოძრაობების შექმნა, გაფიცვების, გამოსვლების მოწყობა და მკაცრი კონტროლი დააწესა პრესაზე, განსაკუთრებით ურჩ ჟურნალისტებს კი, დაპატიმრებითა და ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა.
მართალია, კადაფის დიქტატი ყველა სფეროზე გავრცელდა, მაგრამ სწორედ მისი წყალობით მიიღეს ლიბიელებმა უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება, გაიხსნა უფასო სკოლები, საზოგადოებრივი ბიბლიოთეკები, სპორტული კომპლექსები და თუ მანამდე მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა იცოდა წერა-კითხვა, 1980-იანი წლების ბოლოს, ახალგაზრდა ლიბიელთა უკვე 90% ფლობდა საშუალო და უმაღლეს განათლებას.
* მრავალშვილიანი მამა -
ორი ქორწინებიდან კადაფის რვა შვილი შეეძინა, თუმცა ეცოტავა და მეუღლესთან, საფია ფარაშთან ერთად იშვილა სამი მცირეწლოვანი ბიჭუნა. დიქტატორის უფროსი ვაჟი, რომელმაც უარი თქვა მამის გზის გაგრძელებასა და პოლიტიკაში ჩაბმაზე, პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, უმცროსმა სამხედრო სამსახური აირჩია, ერთადერთმა ქალიშვილმა კი, ერაყელი ლიდერის სადამ ჰუსეინის ადვოკატობით გაითქვა სახელი.
* სასტიკი ანგარიშსწორება -
40-წლიანი მმართველობის პერიოდში დიქტატორი 7 თავდასხმას გადაურჩა, თუმცა უკანასკნელი საბედისწერო აღმოჩნდა. 2011 წლის ‘’არაბული გაზაფხულის’’ ანტისამთავრობო გამოსვლები და შეიარაღებული დაპირისპირებები, რომელთაც მთელი არაბული სამყარო მოიცვეს, ლიბიაში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიელებმა პირველ რიგში კატასტროფულად გაზრდილი უმუშევრობა, მთელ ქვეყანაში გამეფებული კორუფცია გააპროტესტეს და დიქტატორ კადაფის გადადგომა მოითხოვეს.
მართალია, კადაფი დიდხანს ჯიუტობდა, მაგრამ ოპონენტებთან ხანგრძლივი დაპირისპირებისა და მომხრეების დაკარგვის შემდეგ, პოზიციები დათმო და სიტრაში გაიქცა, სადაც ნატოს ჯარების დაბომბვის შედეგად დაჭრილი შეიპყრეს შეიარაღებულმა ლიბიელებმა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წუთებში დიქტატორი შეწყალებას ითხოვდა, თუმცა გამძვინვარებულმა ბრბომ არ დაინდო და ლინჩის წესით გამოასალმა სიცოცხლეს.