* ჯორჯ ბენსონი -
ამერიკელი ვოკალისტი და გიტარისტი, ათი ‘’გრემის’’ მფლობელი ჯორჯ ბენსონი იმ მცირერიცხოვან მუსიკოსთა ჯგუფს მიეკუთნება, ვინც პრაქტიკულად ყველა ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები და ჰარმონიულად გააერთიანა საკუთარ შემოქმედებაში ფანკი, ბლუზი და რიტ’ენდ’ბლუზი, სვინგი, ბობოპი და სოფტ-როკი.
* ვუნდერკინდი მუსიკოსი -
პირველი გამარჯვება ჯორჯ ბენსონმა, რომელმაც საკმაოდ ადრე გამოავლინა მუსიკალური ნიჭი, ნორჩი ვოკალისტების ფესტივალზე მოიპოვა 4 წლის ასაკში, მოგვიანებით კი, ჯერ უკულელეზე, მერე გიტარაზე დაიწყო დაკვრა, რომელიც მამინაცვალმა გაუკეთა საკუთარი ხელით.
ვუნდერკინდმა მუსიკოსმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მშობლიურ კვარტალში. მეტიც, 5 წლისამ პირველი ჰონორარი მიიღო მშობლების მეგობრის აფთიაქში მოწყობილი იმპროვიზირებული კონცერტისთვის, 8 წლისამ კი, პრაქტიკულად არალეგალურად დაიწყო მუშაობა ღამის კლუბში და სწორედ იქ გაიცნო ხმისჩამწერი კომპანიის RCA-ის პროდიუსერები, რომელთა შეთავაზებით ცნობილი კომპოზიციების She Makes Me Mad და It Should Have Been Me საკუთარი ვერსიები ჩაწერა.
* საკუთარი ჯგუფი -
16 წლის ბენსონმა სოლისტების ჯგუფი The Altairs შექმნა. მართალია, თანამედროვე მუსიკის სიყვარულით გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა საკუთარი კომპოზიციების შესრულება სცადეს, მაგრამ მხოლოდ ვოკალური შესაძლებლობები საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან 1950-იანი წლების ბოლოს რიტ’ენდ’ბლუზი პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო გიტარის აკომპანემენტის გარეშე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბენსონმა გიტარაზე პროფესიონალურად დაკვრის სწავლა, რადგან არც დამწყებ მუსიკოსებს ჰქონდათ გამოცდილი გიტარისტის დაქირავების ფინანსური შესაძლებლობა, არც პროფესიონალ მუსიკოსებს უნდოდათ ახალბედებთან მუშაობა.
* სადებიუტო ალბომი -
პროფესიონალური კარიერა ბენსონმა 21 წლის ასაკში დაიწყო, როცა ინსტრუმენტულ ანსამბლს ჩაუდგა სათავეში და პირველი ალბომი The New Boss Guitar ჩაწერა რვა ორიგინალური თრეკით. სადებიუტო ნაკრებზე მუშაობაში ახალგაზრდა მუსიკოსს გამოცდილი ორგანისტი ჯეკ მაკდაფი დაეხმარა, რომელსაც მთელი ცხოვრება ემადლიერებოდა, რადგან სწორედ მას მიიჩნევდა პირველ მასწავლებლად.
აღიარება ბენსონს პიანისტ ლონი სმიტთან და საქსოფონისტ რონი კუბერთან თანამშრომლობით ჩაწერილმა ალბომმა It's Uptown მოუტანა, რომელმაც ერთის მხრივ, ცნობილი კომპოზიციების Summertime და A Foggy Day-ს უჩვეულო ქავერ ვერსიების, მეორეს მხრივ, მეტად თვითმყოფადი საავტორო თრეკების წყალობით დაიმსახურა კრიტიკოსთა მოწონება.
* წარმატებული კარიერა -
განსაკუთრებული პოპულარობა ბენსონმა 1960-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როცა გიტარის სოლო პარტიებზე აქცენტის გაკეთებით ჩაწერა ალბომით The George Benson Cookbook. მართალია, მანამდე მუსიკოსი ნაკლებად ინტერესდებოდა დასარტყამი ინსტრუმენტებით, მაგრამ სწორედ დრამერებმა შესძინეს კომპოზიციებს ახალი ჟღერადობა და განსხვავებული კოლორიტი.
მოულოდნელი წარმატება მოიპოვეს სინგლებმა All of Me, Big Fat Lady და Ready and Able, რომელთა ჩარტებში დაწინაურების შემდეგ ბენსონმა ჯერ ხმისჩამწერ კომპანიასთან Verve Label Group-თან გააფორმა კონტრაქტი, მერე მაილზ დევისს შეუერთდა ცნობილი თრეკის Paraphernalia-ს ჩაწერაზე.
1970-იანი წლების დასაწყისში ბენსონის დისკოგრაფიას ალბომი The Other Side of Abbey Road შეემატა, რომელმაც ორიგინალური ვარიაციები გააერთიანა Beatles-ის ცნობილ თრეკებზე. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა 1974 წელს გამოსული ალბომი Bad Benson, რომლითაც მუსიკოსმა პირველად მოიპოვა Billboard-ის ჩარტის ლიდერობა.
* ‘’გრემის’’ პრემია -
1977 წელს ‘’გრემის’’ ათგზის ლაურეატი ბენსონი, რომელიც სოლო კარიერის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა კოლეგა მუსიკოსების მრავალრიცხოვან სტუდიურ სესიებსა და ცოცხალ კონცერტებში, პირველად იქნა წარდგენილი მუსიკალურ პრემიაზე. მუსიკოსის მონდომებამ გაამართლა, რადგან ერთდროულად სამ კატეგორიაში გაიმარჯვა, მთავარი - წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციის ჩათვლით. ალბომმა Breezin' კრიტიკოსებთან ერთად ბლუზის მოყვარულთა მოწონებაც დაიმსახურა, მით უფრო, რომ კომპოზიცია This Masquerade ბენსონმა ცოცხლად შეასრულა საზეიმო დაჯილდოებაზე.
* ვოკალური კომპოზიციები -
მართალია, მანამდე ბენსონი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა ვოკალურ პარტიებს, რადგან მთელი ყურადღება ინსტრუნემტულ შესრულებაზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ პრესტიჟული პრემიის მიღების შემდეგ უფრო თამამად შეუდგა ვოკალურ კომპოზიციებზე მუშაობას და სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტთა შემადგენლობაში მიღებული გამოცდილების შემდეგ, სრულაფსოვანი კონცერტიც მოაწყო ‘’სოულის დივად’’ წოდებულ მინი რიპერთან ერთად.
1980-იან წლებში, როცა ჯაზი და ბლუზი პოპულარულმა მუსიკამ ჩაანაცვლა, ბენსონმა ალბომი Give Me The Night ჩაწერა, რომელიც წამყვანი კომპოზიციების Inside Love, Kisses in the Moonlight და Lady Love Me-ს წყალობით დაწინაურდა ჩარტებში.
* საპატიო დოქტორი -
მართალია, ბენსონს არასდროს მიუღია პროფესიული მუსიკალური განათლება, მაგრამ 1990 წელს ბერკლის კოლეჯის მესვეურთაგან მაინც მიიღო მუსიკის საპატიო დოქტორის წოდება მუსიკისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2009 წელს Jazz Master-ის პრემიით დაჯილდოვდა და საკუთარი ვარსკვლავი მიიღო ჰოლივუდის ‘’დიდების ხეივანში’’.
ახალი სტატუსით ბენსონმა, რომელიც ყოველთვის გასტროლებსა და ცოცხალ შესრულებას ანიჭებდა უპირატესობას, ჯერ ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გამართა კონცერტი, მერე მასშტაბური საგასტროლო ტურნე მოაწყო შეერთებულ შტატებში. მუსიკოსი დღესაც ენთუზიაზმით, ახალგაზრდული შემართებით მუშაობს, დამოუკიდებლად უშვებს ალბომებს და აქტიურად მონაწილეობს კოლაბორაციულ პროექტებში.