საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის მატჩებსაც ამ დღეებში ქუთაისი და წყალტუბო მასპინძლობენ.
გიორგი ჩიტაურის შეგირდები სასტარტო შეხვედრაში ავსტრიას გაეჯიბრნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლი გიორგი გვასალიამ გაიტანა, რომელმაც რეზიკო დანელიას ჩინებული სოლო-რეიდი დააგვირგვინა. ავსტრიელთაგან დუბლით ოჯენეტეჯირი ადეჯენუგურე გამოირჩა.
პირველი ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში დანიამ ლიეტუვას 4:1 სძლია. ტურნირის განრიგის თანახმად, ქართველი ფეხბურთელები დანიას 14 ოქტომბერს გაეჯიბრებიან, 17-ში კი ლიეტუვასთან თამაშია დაგეგმილი.
საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 13 ოთხგუნდიანი ჯგუფია შექმნილი, საიდანაც ელიტ რაუნდში ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ხუთიც საუკეთესო მესამე ადგილოსანი გავა. ამ 31 ნაკრებს 17-წლამდელთა შორის საუკეთესო კოეფიციენტის მქონე ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ელიტ რაუნდში ავტომატურად არის დაშვებული.
32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდება, რომელთა გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა. ცნობისთვის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გაისად 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით კვიპროსი უმასპინძლებს, რომელიც ტურნირზე ავტომატურად არის დაშვებული.