ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებისთვის ორ გამშვებს მოიცავს. ამასთან, ქვეყანა უკრაინისთვის 155 მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენს. „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხედრო დახმარების ჩამონათვალს უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით აყალიბებს. მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ლიეტუვა უკრაინას გენერატორებსა და აღჭურვილობას გადასცემს, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადასატანად დასჭირდება.