ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 32 წლის ფეხბურთელი ბოლოს მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, 2019 წელს სადებიუტო სეზონში ედენმა მძიმე ტრავმა მიიღო და საბოლოოდ ვერ მოახერხა სასურველი ფორმის აღდგენა. 2023 წლის ზაფხულზე კი ბელგიელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. რის შემდეგაც უკლუბოდ დარჩა და საბოლოოდ აზარმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 32 წლის ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა: "თქვენ უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და საჭირო დროს შეჩერდეთ. 16 წლის და 700-ზე მეტი ჩატარებული მატჩის შემდეგ გადავწყვიტე, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. ჩემი ოცნებების რეალიზება შევძელი. კარიერის განმავლობაში დიდებულ მწვრთნელებთან, მენეჯერებთან და ფეხბურთელებთან მიმუშავია, მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დროისთვის, ყველა მომენატრება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კლუბს, რომელშიც მითამაშია, მადლობა ბელგიის ნაკრებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩემს გვერდით ცუდ თუ კარგ დროს იდგნენ. და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ახლა დროა, დავტკბე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. მალე გნახავთ", - დაწერა Instagram-ზე ედენ აზარმა
აზარის საუკეთესო საფეხბურთო კარიერა ჩელსის უკავშირდება, იგი ლონდონში სათამაშოდ 2012 წელს ლილიდან გადავიდა და “სტემფორდ ბრიჯზე” 7 ბრწყინვალე სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ბელგიელმა პრემიერლიგის 2 ტიტული მოიგო, ჩაატარა 352 მატჩი და 110 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, იგი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად 2014/15 წლების სეზონში დაასახელეს.