საქართველოს ნაკრებისა და ტორინოს ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა იტალიის სერია A-ს სასტარტო შემადგენლობის სადებიუტო შეხვედრაში, ტრავმა მიიღო, რის გამოც გაჩნდა საშიშროება, რომ ის გუნდს დიდი ხნით ვერ დაეხმარებოდა და სწორედ ამ ტრავმის გამო არ გამოიძახა ის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში. საბოლოოდ საბას ტრავმა რთული არ აღმოჩნდა და ის 21 ოქტომბერს ინტერთან გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გუნდში ასევე იმედი აქვთ, რომ მილანურ კლუბთან მატჩისთვის ალესანდრო ბონჯორნოც გამოჯანმრთელდება, რომელმაც ორი შეხვედრა გამოტოვა. ივან იურიჩი კი ყოველი შემთხვევისთვის, სათამაშოდ ტამეზესა და რიჩისაც მოამზადებს.
სწორედ ალექსანდრო ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ საზონოვმა ლაციოს წინააღმდეგ თამაშში ცვლილებაზე გამოვიდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ტორინოს ფანებმა ის თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ვერონასთან მიღებული დაზიანების გამო ის შეცვალეს, თუმცა ტურინული დერბში საბა უკვე სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ როგორც ჩანს ის სათამაშოდ ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა 21 წლის ცენტრალური მცველი ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებში სათამაშოდ ტრავმის გამო არ გამოიძახა. თუმცა ფაქტია, ტრავმიდან რამდენიმე დღეში ის უკვე გუნდის სამატჩო განაცხადში იყო.
რაც შეეხება ტორინოს, ტურინელები იტალიის სერია A-ში 9 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან. ივან იურიჩის გუნდს 8 შეხვედრაში 2 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა.