რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში დიდი ცვლილებები მოხდა, რომელიც საქართველოს ნაკრებსაც შეეხო, სამწუხაროდ, უარყოფითი კუთხით.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი 24:23 დაამარცხა. ამ შედეგით პორტუგალიელებს კლასიფიკაციაში ერთბაშად 4.0 ქულა შეემატათ და 16-დან მე-13 ადგილზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელმაც მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულა, მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მე-13 ადგილი პორტუგალიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ამ შედეგით მათ, საქართველოს გარდა, სამოა და ტონგაც უკან მოიტოვეს.
ერთი საფეხურით დაქვეითდა რუმინეთის ნაკრებიც, რომელმაც ბოლო ტურში ტონგასთან 24:45 წააგო და მე-19 ადგილი ესპანეთს გადაულოცა, თავად კი მეოცე პოზიციაზე გადაინაცვლა.
რეიტინგში მორიგი ცვლილებები მსოფლიოს თასის მეოთხედფინალების შემდეგ განხორციელდება.