საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ალექსანდრე იაშვილთან ერთად, სამწვრთნელო შეკრების დაწყებამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩებთან ერთად, მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.