პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია „საქართველოსთვის" წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.
რეზოლუციის პროექტი მოიცავს მოწოდებას ცივილიზებულ სამყაროს მიმართ, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე, ხოლო რუსეთის ფედერაციას ისევე, როგორც ოკუპანტ ძალას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დეოკუპაცია.
„საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგების, ჩართულობის და მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევა;
ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.
ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 21 ივლისის N 07-3/99 რეზოლუციას “დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” და ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიმართ ხსენებულ რეზოლუციაში დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას.
ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.
აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებაა. შესაბამისად, მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“;
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.
მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში−რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.
ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად,"- აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.