სერია A-ს მერვე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველივე წუთებიდან მოედანზე გამოჩნდა. პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-7 წუთზე „ფიორენტინას“ ეფექტური კომბინაცია იოსიფ ბრეკალოს გოლით დასრულდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და შესვენებამდე ანგარიში 1:1 გახადა.
„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმი უფრო შემტევად დაიწყო. ვიქტორ ოსიმენს გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსით ვერ ისარგებლა. 63-ე წუთზე კი ჯაკომო ბონავენტურას გოლით „ფიორენტინა“ ისევ დაწინაურდა. 93-ე წუთზე ნეაპოლელების დაცვის მორიგი ჩავარდნით ნიკო გონსალესმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში - 1:3 დააფიქსირა.