ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი - კრიტიკულ მდგომარეობაში. გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. უწყებაში განმარტავენ, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 232 პალესტინელი დაიღუპა და 1 697 დაიჭრა. ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული მასშტაბური შეტევის ფონზე, მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ათობით ავიარეისი გააუქმეს.