იაგო ხვიჩია - ბატონი კობახიძე საკუთარ კონსტიტუციას ძალიან ცუდად ეპყრობა - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი რომ ვერ შედგეს, არ გამიკვირდება ბოლოს თქვან, ვხუმრობდით ჩვენ ასეოხუმრობა, რომელსაც განმარტებები დასჭირდა, წარმატებული ვერ გამოდგა, თორემ არ დასჭირდებოდა განმარტებები, ისედაც გაგიგებდნენ, რომ იხუმრე და გაიცინებდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში.
ხვიჩიას განმარტებით, ახლა „ქართულ ოცნებას“ თავისივე არჩეული პრეზიდენტი ჰყავს გადასაყენებელი.
„ზოგადად, მე მგონი, ბატონი კობახიძე საკუთარ კონსტიტუციას ძალიან ცუდად ეპყრობა. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი რომ ვერ შედგეს, არ გამიკვირდება ბოლოს თქვან, ვხუმრობდით ჩვენ ასეო. „ქოცებს“ თავიანთი არჩეული პრეზიდენტი ჰყავთ გადასაყენებელი, ოპოზიციას არ უნდა ამაში ჩარევა. წარმოიდგინეთ, მილიარდები რომ აქვს ის პარტია, რომელიმე ოპოზიციონერთან მივიდეს და უთხრას, ამდენ მილიონს გადაგიხდითო, რაღაც მილიონზე ხომ ყველა დავთანხმდებით? 100 მილიონზე ხომ ყველა დათანხმდება? უბრალოდ ძვირის გადამხდელებს არ ჰგვანან“, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მმართველი ძალის მხრიდან ვაჭრობა ხმების მოსაგროვებლად, ხვიჩია ასე პასუხობს: „ჩემამდე არავინ მოსულა და არავის არ უთქვამს, ამდენს ვიხდითო“.
„ჩემთან ადრეც არ მოსულან, როცა იუსტიციის საბჭოს ამბები ირკვეოდა, ან სხვა ამბები რომ ირკვეოდა, თავიანთთვის არკვევენ, ვისთანაც ამ თვალსაზრისით ალბათ, მიესვლებათ... არსებობს რაღაც გარკვეული რადიკალური პოზიციები „ნაცმოძრაობაში“, რომლებიც ამბობენ, ჩვენ სალომეს რატომ ვიცავთ, თუ პრეზიდენტს არ შეიწყალებსო და ა.შ. მე მომისმენია გია ბარამიძე მსგავსს, რომ ამბობდა, ისეთი ხალხი, რომელიც მიშას გულშემატკივარია და კიდევ სხვა ადამიანები, ასეთ პოზიციებს აჟღერებენ.
როგორც ჩანს, მე უკეთესი წარმოდგენა მაქვს ჩემ კოლეგებზე და ვთქვი, ვინაიდან საჯაროდ ასეთი ამბავი გახურდა, „ქართული ოცნებაც“ ბევრის გადამხდელს არ ჰგავს, სერიოზულ „კუშებზე“ რომ იყოს საუბარი, ხალხმა ცხოვრება აიწყოს და ა.შ. მგონია, რომ უფრო ჩავარდნისკენ მიდის ეს პროცესი“, - განაცხადა ხვიჩიამ.