საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა - მათ შორისაა სპეციას ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი, რომელიც შემადგენლობაში ერთადერთი დებიუტანტია.
საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ტაილანდის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კვიპროსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგელობას 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა: ესენი არიან ნიკა კვეკვესკირი, დავით ვოლკოვი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და ლევან შენგელია ეროვნული გუნდის წინა შეკრებაზე გამოძახებულები არ იყვნენ.
წინა სანაკრებო სიიდან ვილი სანიოლმა ნაკრებში 3 მცველს არ უხმო: გიორგი გოჩოლეიშვილს, საბა საზონოვსა (სერია A-ს ბოლო ტურში ტრავმა მიიღო) და ლაშა დვალს. შემადგენლობაში არ არიან გიორგი აბურჯანია, ლუკა გაგნიძე და გიორგი წიტაიშვილიც. კვლავ სანაკრებო სიის მიღმა დარჩნენ გიორგი გველესიანი და ოთარ კაკაბაძე.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეკარეებს შორის არიან გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი და ლუკა გუგეშაშვილი.
მცველის პოზიციაზე სანიოლმა გურამ კაშიას, სოლომონ კვერკველიას, ლუკა ლოჩოშვილს, ირაკლი აზაროვს, ივა გელაშვილს და ალექსანდრე კალანდაძეს უხმო.
ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე კი ნაკრების ღირსებას დაიცავენბ ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, დავით ვოლკოვი და ბუდუ ზივზივაძე.