ქალბატონო ხათუნა, თქვენ რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი ტრენინგებზე გაქვთ ნასწავლი და მეტ სიღრმეში არ წასულხართ, ვიდრე „პოვერპოინთის“ პრეზენტაციაა, სწორედ ამაზე მეტყველებს თქვენი გამოსვლა - მე ერთ რამეს გირჩევდით, Powerpoint-ის იქით სიღრმეში წადით, წიგნები წაიკითხეთ და ცოტა მეტად გაერკვიეთ ამ საკითხებში,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის კრიტიკას, რომლის თქმითაც, შალვა პაპუაშვილმა სექსისტური განცხადება გააკეთა, როდესაც ქალი დეპუტატის პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლა „ისტერიულად“ შეაფასა.
როგორც პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძის მისამართით აღნიშნა, თუ მას სიტყვა „ისტერია“ სექსისტური ჰგონია, თავად არის სექსისტი და განაცხადა, რომ სამნიძეს მორალის კითხვის არანაირი უფლება არ აქვს, „რადგან მორალთან ახლოსაც არ აქვს გავლილი“.
„ამ დღეებში, მათ შორის, იმპიჩმენტის განხილვის პროცესში, მე მგონი, კომპეტენცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რამაც პრობლემა წარმოქმნა. ჩვენ ვხედავთ იურისტებს, რომლებსაც ტრენინგებით აქვთ ნასწავლი იურისპრუდენცია და იმის იქით ვერ მიდიან სიღრმეებში. ქალბატონო ხათუნა, თქვენ რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი ტრენინგებზე გაქვთ ნასწავლი და მეტ სიღრმეში არ წასულხართ, ვიდრე Powerpoint-ის პრეზენტაციაა, სწორედ ამაზე მეტყველებს თქვენი გამოსვლა. თქვენ თუ სიტყვა „ისტერია“ სექსისტური გგონიათ, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი, იმიტომ, რომ გამოდის, მხოლოდ ქალები შეიძლება იყვნენ ისტერიული და არა კაცები. ხომ ელემენტარული ცოდნა უნდა ამ ყველაფერს. ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებას.
რაც შეეხება ისტერიას, თქვენ რაც იკადრეთ აქ ქალბატონი თეა წულუკიანის გამოსვლის დროს, თქვენ პირადად და თქვენმა მეგობარმა ქალმა დეპუტატებმა, რა პლაკატიც გეჭირათ ხელში, ზედ რაც ეწერა, ეს თუ არ არის ისტერია და ეს თუ არ არის ქალთა უფლებების შელახვა, როდესაც ქალი პოლიტიკოსი გამოდიოდა ტრიბუნასთან... თქვენ მორალს როგორც კითხულობთ საერთოდ, რაც თქვენ იკადრეთ, ხელში რაც გეჭირათ - პლაკატი, რაც ზედ ეწერა - რა მორალზე საუბრობთ საერთოდ, მორალთან ახლოსაც არ ხართ გავლილი და ქალთა უფლებებთან. რასაც ქალი პოლიტიკოსები კადრულობთ, ეს არის სწორედ ქალთა უფლებების მიმართ უდიერი დამოკიდებულება. რა როლს აჩვენებთ თქვენ ახალგაზრდა გოგოებს, რომ ეს არის პოლიტიკა? რომ ეს შეუძლია ქალს მხოლოდ ? რომ ისტერია შეუძლია ? მე ერთ რამეს გირჩევდით, რომ Powerpoint-ის იქით სიღრმეში წადით, წიგნები წაიკითხეთ და ცოტა მეტად გაერკვიეთ ამ საკითხებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ისტერიად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას გამოსვლა შეაფასა, როდესაც განაცხადა: „ქალბატონო თინა, თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა“.