რაოდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, წელს აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად მწვანილი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასის ზრდამ 75% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტთან ერთად, გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტიც. შემოტანილი პროდუქტის ფასი კი 4-ჯერ ნაკლებია, ადგილობრივად წარმოებულზე. ამასთან, წელს საქართველოს მწვანილის შემოტანა უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე გასულ წელს. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველომ 1 209 ტონა მწვანილის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 79%-ით მეტია, თანხობრივზე კი - მხოლოდ 34%-ით. უფრო კონკრეტულად, თუ შარშან 8 თვეში 1 კგ პროდუქტის შემოტანა საშუალოდ, 37 ცენტი გვიჯდებოდა, წელს 28 ცენტი გვიჯდება. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში 2 861 ტონა პროდუქტი დაახლოებით 3,3 მლნ დოლარად გაიყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 კგ პროდუქტს ქვეყანა საშუალოდ, 1 დოლარად და 17 ცენტად ყიდის. აღსანიშანავია, რომ საქართველოს იმპორტით შემოაქვს მწვანილის სახეობების 80% და არა რომელიმე იშვიათ კატეგრიას მიკუთვნებული პროდუქტი, რომლის წარმოებაც მაგალითად ჩვენთან არ ხდება. ძირითადად კი მწვანილი შემოგვაქვს ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან და თურქეთიდან. რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან მწვანილი გადის უკრაინაში, რუსეთში, მოლდოვაში, სომხეთსა და პოლონეთში. რატომ არ შეგვიძლია მწვანილის თვალსაზრისით მაინც ვიყოთ თვითკმარი, ამაზე პასუხის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან საინტერესო იქნებოდა