შავი ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით გემიდან ზღვის დაბინძურებაზე ფულადი სანქცია 65 ათასი ლარია, რომლის გაზრდაც იგეგმება. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დაბინძურების ფაქტების უმეტესობა, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდის. ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე დგინდება, რომ ნავთობპროდუქტებით დაბინძურებაზე, საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში არსებულს. კერძოდ, თურქეთში ჯარიმის ოდენობა, ლარებში თუ გადავიყვანთ, მერყეობს დაახლოებით 265 ათასი ლარიდან 797 ათს ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში. შესაბამისად, დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათვქამია, რომ შავი ზღვის ქვეყნებთან, საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, დაგეგმილია ფულადი სანქციების გაზრდა საქართველოშიც