ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო არასწორი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის ირგვლივ ასევე არასწორი იყო მოთამაშეთა მიდგომა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ის ჩავარდნა იყო, რომელიც ნებისმიერ გუნდს ერთხელ მაინც მოსდის.
როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ დ შეგვიძლია, პლეი ოფის გზით ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
ამასთან, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაზეც ისაუბრა.
„არის თუ არა ჩვენი ნაკრების თამაში დამოკიდებული კვარაცხელიაზე? თუ ლიდერი ფორმაში არ არის, ეს გავლენას ახდენს გუნდზე და ამით ის ზარალდება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს თავის მართლება. ხვიჩა ინტენსიურად მუშაობს, რათა ფორმაში ჩადგეს“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.