გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მთიანი ყარაბაღის შესახებ საგანგებო საიდუმლო შეხვედრა გამართეს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში გაიმართა და მისი მიზანი იყო, აზერბაიჯანი დაერწმუნებინათ რეგიონში სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონები დაეშვა. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ოპერაცია დაიწყო, რომელიც ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. ყარაბაღი სომხური მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაიცალა.