როზა ლუიზა პარქსი - ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ და პოლიტიკურმა აქტივისტმა როზა პარქსმა 1950-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა აღიარება, როცა მარტინ ლუთერ კინგთან ერთად ჩაუდგა სათავეში მოძრაობას შავკანიანთა უფლებებისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ პარქსის აქტიური ბრძოლის წყალობით გაუქმდა ამერიკაში რასობრივი სეგრეგაციის ზოგიერთი ფორმა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით აფროამერიკელთა მგზავრობის შეზღუდვა.
განსხვავებული სამყაროები - როზა ლუიზა მაკოლეი 1913 წლის 4 თებერვალს დაიბადა ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგიში დურგლის ჯეიმს მაკოლეის და სკოლის მასწავლებლის ლეონა ედვარდსის ოჯახში. როზა ე.წ. მელანჟთა კატეგორიას მიეკუთნებოდა, რადგან სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ამერიკაში თეთრი, ნეგროიდული და ამერიკანოიდული რასის წარმომადგენელთა შერეული ქორწინებით დაბადებულთა შთამომავლებს, როზას წინაპრებს შორის კი, არა მხოლოდ აფროამერიკელები და ჩეროკის ტომის ინდიელები, არამედ შოტლანდიელები და ირლანდიელებიც მრავლად იყვნენ.
როზა 5 წლის იყო, როცა მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად გადაბარგდა მონტგომერიში ბაბუის სახლში. ქრონიკული ტონზილიტის და სუსტი ჯანმრთელობის გამო მოზარდს ხშირად უწევდა გაკვეთილების გაცდენა, თუმცა გონებაგამჭრიახობისა და სხარტი აზროვნების წყალობით მაინც კარგად სწავლობდა, მით უფრო, რომ სკოლაში რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ფეხით უწევდა სიარული. ‘’მართალია, ყოველდღე ვხედავდი სკოლის ავტობუსს, მაგრამ არასდროს ვაჩერებდი, რადგან ვიცოდი, შავკანიანების ავტობუსით მგზავრობა არ შეიძლებოდა. გული მწყდებოდა, თუმცა მიჩვეული ვიყავი. 1920-იანი წლების ამერიკაში ასე იყო მიღებული და ჩვენც ასე ვცხოვრობდით. თუმცა, პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ორი, სრულიად განსხვავებული - თეთრი და შავი სამყარო არსებობდა, რომელიც არასდროს გაერთიანდებოდა’’, - აღნიშნა მოგვიანებით პარქსმა.
სეგრეგაცია - სეგრეგაციის ამერიკული კანონი, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას გულისხმობდა პრაქტიკულად ყველა უფლებას ართმევდა შავკანიანებს, რომელთაც არც ტრანსპორტით სარგებლობის უფლება ჰქონდათ არც საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის. მეტიც, კუ-კლუქს-კლანის წევრები პარკებსა და სკვერებში თეთრკანიანის გვერდზე სკამზე ჩამოჯდომას და შადრევნიდან წყლის დალევასაც უკრძალავდნენ ფერადკანიანებს, ქალაქის ქუჩებში მარშირებისას კი, ნებისმიერს სასტიკად უსწორდებოდნენ, ვინც ხელში მოხვდებოდათ.
მუდმივ დამცირებას განიცდიდა როზაც ძმასთან ერთად, რომელთაც მხოლოდ კანის ფერისა და ნეგროიდული რასისთვის დამახასიათებელი ნაკვთების გამო დასცინოდნენ ‘’თეთრი’’ თანატოლები. პარქსის განცხადებით, ერთხელ ქვითაც სცადა მეზობელი ბავშვების მოგერიება, თუმცა ბებიამ არ მისცა უფლება, რადგან შეეშინდა, რომ გოგონას უბრალოდ მოკლავდნენ ამგვარი თავნებობისთვის. აშკარა საფრთხის მიუხედავად, როზა მაინც აქტიურად ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, საკუთარი თავის და უმცროსი ძმის დაცვას, რაც მოგვინებით შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.
განუხორციელებელი ოცნება - დისკრიმინაციული კანონების და სკოლებში განათლების დაბალი დონის გათვალისწინებით, შავკანიანებს ნაკლებად ჰქონდათ პრესტიჟული პროფესიის მიღების და მაღალანაზღაურებად სამსახურში მოწყობის შანსი, თუმცა როზამ მაინც წარჩინებით დაამთავრა დაწყებითი სკოლა და მისს უაითის კოლეჯში ჩააბარა, სადაც გოგონებს კერვასა და ქარგვას ასწავლიდნენ.
სწორედ კერვა იქვა როზას მთავარ საქმიანობად, თუმცა ბავშვობიდან პედაგოგობაზე ოცნებობდა. პარქსმა შავკანიანთა პედაგოგიურ სასწავლებელშიც ჩააბარა, თუმცა ვერ შეძლო მისი დასრულება, რადგან ‘’დიდი დეპრესიის’’ წლებში ერთის მხრივ, მძიმედ დაავადებულ დედასა და ბებიაზე ზრუნავდა, მეორეს მხრივ, შეძლებული თეთრკანიანების სახლებში მუშაობდა დამლაგებლად.
საზოგადოებრივი საქმიანობა - როზას ცხოვრება 19 წლის ასაკში შეიცვალა, როცა რეიმონდ პარქსს გაჰყვა ცოლად. შავკანიანთა უფლებადამცველი რეიმონდი არა მხოლოდ საუბრობდა პროგრესსა და თანასწორობაზე, არამედ აქტიურად აწყობდა საპროტესტო აქციებს. სწორედ მეუღლის წყალობით ჩაება როზა საზოგადოებრივ საქმიანობაში და შავკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ნაციონალური ასოციაციის მდივნობას დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ, მისის პარქსის საქმიანობა ვოლონტარული იყო და არც ჰონორარს ითვალისწინებდა, არც სხვა ფინანსურ წახალისებას. ახალ თანამდებობაზე როზა არა მხოლოდ შავკანიანებზე ძალადობის ფაქტებს აღნუსხავდა, არამედ სტატიებსაც წერდა პრესისთვის, თუმცა მისი შენიშვნები მხოლოდ შავკანიანთა გაზეთებში იბეჭდებოდა, თეთრკანიანი მოძალადეები კი, არასდროს ისჯებოდნენ, რადგან კანონი ყოველთვის მათ მხარეს იყო.
სწორედ ასოციაციაში საქმიანობისას გაიცნო პარქსმა რეისი ტეილორი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც 6 თეთრკანიანი ახალგაზრდის სექსუალურ ძალადობას ემსხვერპლა. მართალია, მეგობრებთან ერთად როზამ კომიტეტი ‘’სამართლიანობა რეისი ტეილორისთვის’’ შექმნა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, რადგან სხვა შემთხვევების მსგავსად საქმე ამჯერადაც შავკანიანების საზარალოდ გაყალბდა.
1940-იანი წლების დასაწყისში პარქსმა ორჯერ სცადა მონტგომერის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მონდომებამ არ გაამართლა. როზამ მხოლოდ 1945 წელს მოიპოვა ხმის მიცემის უფლება, რაც უნიკალურ შემთხვევად იქცა ე.წ. ‘შავი ამერიკის’’ ისტორიაში.
ავტობუსის ინციდენტი - სეგრეგაციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლის სახელი პარქსმა 1955 წლის პირველ დეკემბერს შეიძინა, როცა ავტობუსში თეთრკანიანი მამაკაცისთვის ადგილის დათმობაზე თქვა უარი. აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში აფროამერიკელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ უკანა რიგებში, ე.წ. ‘’ფერადკანიანთა სექციაში“ ჰქონდათ ადგილის დაკავების უფლება, თუმცა ავტობუსის მგზავრებით გადატვირთვის შემთხვევაში მძღოლს ყოველთვის შეეძლო თვითნებურად გაეზარდა ე.წ. „თეთრების სექცია’’ შავკანიანთა ადგილების ხარჯზე. მართალია, აბსურდულ კანონს რამდენიმე თავზეხელაღებულმა მანამდეც გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ ყველა სასტიკად დაისაჯა, ურჩობის ცალკეული შემთხვევები კი, მიიჩქმალა.
პირველი დეკემბრის საღამოს როზა დაღლილი ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში, როცა ავტობუსში თეთრკანიანი მამაკაცი ავიდა. მგზავრმა ვერ შეძლო ადგილის მოძიება, ამიტომ მძღოლმა შავკანიანებს მოთხოვა მისთვის ადგილის დათმობა. სამმა აფროამერიკელმა მამაკაცმა უპირობოდ შეასრულა მძღოლის მოთხოვნა, როზამ კი, რომელსაც მისივე განცხადებით აღარც დამცირების მოთმენა შეეძლო, აღარც რასისტულ კანონებს მორჩილება, უარი თქვა ადგომაზე.
ურჩი მგზავრისთვის ჭკუის სასწავლებლად მძღოლმა სამართალდამცავებს მიმართა, რომელთაც როზა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყვეს, თუმცა შეკითხვაზე, ‘’ვინ იყო ავტობუსის პროვოკაციის ორგანიზატორი’’, პარქსმა გულგრილად უპასუხა, რომ ‘’არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდა და მას მხოლოდ მშვიდად უნდოდა სახლში დაბრუნება’’. როზას წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა პარქსმა მის გადახდაზეც უარი თქვა. მეტიც, თამამმა ქალბატონმა ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა.
ბოიკოტი - პარქსის სიმტკიცემ არა მხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ბაპტისტი პასტორი მარტინ ლუთერ კინგიც აღაფრთოვანა, რომელმაც შავკანიან ამერიკელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა და თავად ჩაუდგა სათავეში საპროტესტო მოძრაობას. როზას შემთხვევა უფლებებისთვის ბრძოლის დაწყების საუკეთესო სტიმულად იქცა, რადგან პარქსი მონტგომერის შავკანიანთა თემის ცნობილი და მეტად პატივცემული წარმომადგენელი იყო.
მოწოდებას, რომელიც ავტობუსის ინციდენტიდან სამ დღეში დაიბეჭდა შავკანიანთა გაზეთში The Montgomery Advertiser-ში, ათასობით პროკლამაცია მოჰყვა ტექსტით: ‘’გამოიჩინეთ სოლიდარობა, მხარი დაუჭირეთ როზა პარქსს და უარი თქვით ტრანსპორტით სარგებლობაზე! თუ სამსახურში ხართ წასასვლელი დაიქირავეთ ტაქსი, ოღონდ ძალიან გთხოვთ მოერიდეთ ავტობუსებს!’’
მონტგომერის შავკანიანებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი საპროტესტო მოწოდებას და ბოიკოტი გამოუცხადეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, შავკანიანები მაინც ფეხით დაიძრნენ სამსახურებისკენ და შეგნებულად თქვეს უარი ავტობუსით მგზავრობაზე. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან პროტესტანტების უწყვეტმა ნაკადმა მთელი ქალაქი გაავსო. მეტიც, ერთდღიან აქციად ჩაფიქრებული ბოიკოტი მთელი 381 დღე გაგრძელდა და უზარმაზარი ზარალი მიაყენა როგორც ადგილობრივ ბიუჯეტს, ისე სატრანსპორტო კომპანიებს, რადგან სწორედ შავკანიანები შეადგენდნენ მგზავრების 75 პროცენტს.
მასშტაბური არეულობის მიუხედავად, რომელიც წელიწადზე მეტი გაგრძელდა, რასისტულად განწყობილმა ამერიკელებმა მაინც უარი თქვეს შავკანიანთა მოთხოვნების მიღებასა და სეგრეგაციის კანონის გადახედვაზე. აფროამერიკელთა სითამამემ განსაკუთრებით კუ-კლუქს-კლანის წევრები გააღიზიანა, რომლებიც დაუნდობლად ესხმოდნენ თავს შავკანიანებს და უმიზეზოდ აპატიმრებდნენ, უმოწყალოდ აწამებდნენ, წვავდნენ მათ სახლებს და ანადგურებდნენ მაღაზიებს.
გამარჯვება - მართალია, როზას ატელიეს დატოვება მოუწია, სამსახურიდან გააძევეს მისი მეუღლეც, მარტინ ლუთერ კინგი კი, მხოლოდ საოცრებით გადარჩა სიკვდილს მის სახლში მოწყობილი აფეთქების შემდეგ, მაგრამ მსხვერპლმა გაამართლა. 1956 წლის 13 ნოემბერს ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო და კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია რასობრივი სეგრეგაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
როზას გამარჯვება მილიონობით ფერადკანიანის გამარჯვებად იქცა, თუმცა ძალიან ძვირი დაჯდა, რადგან პარქსებს ქალაქის დატოვება აიძულეს, დეტროიტში გადაბარგებულებს კი, სიღატაკეში მოუწიათ ცხოვრება, რადგან ყველამ უარი უთხრა სამსახურში მიღებაზე. ამასთანავე, მეუღლეებს მუდმივად ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, რაც რამდენჯერმე განხორციელდა კიდეც, თუმცა შეუპოვარი წყვილის გატეხა და დამორჩილება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
პარქსი უფლებებისთვის ბრძოლის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა აფროამერიკელებისთვის. მეტიც, 1964 წელს სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების შემდეგ, რომელმაც რასობრივი დისკრიმინაცია აკრძალა, მარტინ ლუთერ კინგი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში, პარქსი კი, აფრიკული მეთოდისტური საეპისკოპოსო ეკლესიის დიაკონისი გახდა.
ამასთანავე, პარქსმა, რომელიც ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა ვიეტნამის ომს, ჯერ რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი და პიროვნული განვითარების ინსტიტუტი დააარსა შავკანიანებისთვის, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში, მერე კონგრესმენ ჯონ კონიერსის მდივნად დაინიშნა და მთელი 23 წელი იმუშავა მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე, 1992 წელს კი, შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდოთი - პრეზიდენტის მედლით დაჯილდოვდა, რომელიც თავად ბილ კლინტონმა გადასცა.
როზა პარქსი 2005 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, ‘’მინდა თავისუფალ ადამიანად ვახსოვდე ყველას, რომელიც სხვასაც დაეხმარა გათავისუფლებაში“, - აღნიშნა პარქსმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. სხვათა შორის, დაკრძალვის დღეს მონტგომერის საქალაქო ტრანსპორტი უკანა სკამებზე შავლენტშებმული გავიდა მარშრუტზე, რაც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა იმ სითამამისა და გამბედაობისა, რომელიც როზამ გამოიჩინა, როცა უარი თქვა საკუთარი ადგილის თეთრკანიანისთვის დათმობაზე.