ადრიანო ჩელენტანო - იტალიელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ადრიანო ჩელენტანომ, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და რამდენიმე თაობის კერპად იქცა, 40-მდე ფილმი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ამდენივე ალბომი ჩაწერა, რომელთა საერთო ტირაჟმა 150 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.
მუსიკით ჩელენტანო 1955 წელს დაინტერესდა, როცა ბილი ჰეილის უბერებელი ჰიტით Rock Around the Clock-ით შთაგონებულმა როკ-ჯგუფი Rock Boys შექმნა, პირველი აღიარება კი, 1961 წელს მოიპოვა კომპოზიციით Ventiquattromila baci, რომელიც ათწლეულის საუკეთესო იტალიურ სიმღერად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ჩელენტანო, რომელმაც თანამემამულეებს შორის ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა რეპი იტალიურ ენაზე, პირველმა შექმნა საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია და პირველმა გაბედა სოლო კონცერტის მოწყობა სტადიონზე, არა მხოლოდ ყველაზე წარმატებული და გავლენიანი შემსრულებელია იტალიური მუსიკის ისტორიაში, არამედ ‘’დავიდ დი დონატელოს’’ პრესტიჟულ პრემიასაც ფლობს ფილმებში ‘’ბლეფი’’ და ‘’ხავერდის ხელები’’ შესრულებული როლებისთვის.
ბეფანას დღეს დაბადებული - ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს - ბეფანას ანუ სიცილისა და ხუმრობის დღეს დაიბადა აპულიიდან მილანში გადაბარგებული ჩელენტანოების მრავალშვილიან, ხმაურიან ოჯახში და უკვე ხანდაზმული მშობლების მეხუთე, უკანასკნელი შვილი გახდა.
როგორც ჩანს, იტალიური მითოლოგიის პოპულარულმა პერსონაჟმა - ბეფანამ დაბადებისთანავე განსაზღვრა მომავალი ვარსკვლავის ბედი, რადგან ადრიანო ადრეული ბავშვობიდანვე საოცარი იუმორითა და არტისტიზმით გამოირჩეოდა. მართალია, დედას ძალიან არ მოსწონდა უმცროსი შვილის გაუთავებელი მასხარაობა, რადგან შიშობდა, რომ ვერასდროს შეძლებდა დასერიოზულებას და შემოსავლიანი სამუშაოს შოვნას, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა, რომ ადრიანო აუცილებლად წარმატებული მუსიკოსი და მსახიობი იქნებოდა.
პირველი გამარჯვება - ადრიანომ საკმაოდ ადრე, 12 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა მამის გარდაცვალების შემდეგ. მოზარდმა უარი თქვა სწავლაზე და ოჯახის დახმარების სურვილით მოეწყო სამუშაოდ მესაათის სახელოსნოში. სხვათა შორის, საათების შეკეთებით ჩელენტანო დღემდე ერთობა, რადგან სწორედ ჩხირკედელაობას მიიჩნევს დასვენების საუკეთესო საშუალებად.
17 წლის ადრიანო ამერიკულმა კინომ, განსაკუთრებით ჯერი ლუისის კომედიებმა გაიტაცა, რომელსაც გამუდმებით ჰბაძავდა და პაროდირებდა. სწორედ ლუისისა და უფროსი დის წყალობით გაიმარჯვა ჩელენტანომ ორეულების კონკურსში, როცა ალბამ უკითხავად გაგზავნა ცნობილი კომიკოსის ამპლუაში გადაღებული ფოტო და უმცროს ძმას პირველ პრემიასთან ერთად 100 ათასი ლირის მოგებაშიც დაეხმარა.
1955 წელს რიჩარდ ბრუქსის ფილმის „სკოლის ჯუნგლების“ იტალიური პრემიერის შემდეგ, როკ’ნ’როლით აღფრთოვანებულმა ადრიანომ საკუთარი ჯგუფი Rock Boys შექმნა, რომლის რეპერტუარს მეტწილად მისივე შექმნილი სიმღერები შეადგენდნენ, თუმცა მოგვიანებით მიკი დელ პრეტე გაიცნო, რომელიც არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი და პროდიუსერი, არამედ ერთგული კომპოზიტორი და 300-მდე სიმღერის ავტორი გახდა.
Rock Boys-ის დებიუტი 1957 წლის მაისში შედგა როკ’ნ’როლის პირველ იტალიურ ფესტივალზე. მართალია, კონკურსის მონაწილეებს ცნობილი ჰიტების ახალი ვერსიები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ჩელენტანომ გარისკა, ჟიურის საკუთარი კომპოზიცია Ciao ti dirò შესთავაზა და გამარჯვებაც მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ადრიანომ მსუბუქი მუსიკის ფესტივალის პირველი პრემია მიიღო, კომპანია Jolly-სთან გააფორმა კონტრაქტი და სადებიუტო ალბომი Adriano Celentano con Giulio Libano e la sua orchestra ჩაწერა, თუმცა 1960 წელს ჯარში გაწვეულმა დროებით უარის თქვა მუსიკაზე.
ფელინის ‘’ტკბილი ცხოვრება’’ - სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა ჩელენტანომ კომედიაში ‘’ბიჭები და მუსიკალური ავტომატი’’ მიიღო მონაწილეობა. სწორედ სადებიუტო ფილმში შეამჩნია ახალბედა მსახიობი ფედერიკო ფელინიმ, რომელმაც მუსიკოსის ეპიზოდური როლი შესთავაზა დრამაში ‘’ტკბილი ცხოვრება’’, რასაც მალე პირველი მთავარი როლი მოჰყვა პიეტრო ჯერმის კომედიაში ‘’სერაფინო’’.
კლაუდია მორი - კომედიის ‘’ვიღაც უცნაური ტიპის’’ გადაღებებზე ჩელენტანომ 19 წლის კლაუდია მორი გაიცნო, რომელსაც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მაინც სოლიდური კინო და მუსიკალური გამოცდილება ჰქონდა. თავდავიწყებით შეყვარებულმა ადრიანომ კლაუდია საკუთარ კონცერტზე დაპატიჟა და სცენიდან გამოუტყდა სიყვარულში. საყვარელ ქალზე ჩელენტანომ 1964 წელს იქორწინა, 1970 წელს კი, სან-რემოს ფესტივალზე გაიმარჯვა, რომელზეც მანამდე სამჯერ დამარცხდა.
ჭირვეულის მორჯულება’’ – 1980 წელს, ფრანკო კასტელანოს კომედიის ‘’ჭირვეულის მორჯულების’’ გადაღებებზე ჩელენტანომ პარტნიორთან ორნელა მუტისთან გააბა რომანი, რომელიც ორი წელი გაგრძელდა. მართალია, წყვილი თავგამოდებით ცდილობდა ურთიერთობის დამალვას, მაგრამ ხმები მათ რომანზე მაინც გავრცელდა, მით უფრო, რომ ერთი წლის შემდეგ მუტი-ჩელენტანოს დუეტი ისევ ერთად გამოჩნდა კომედიაში ‘’უზომოდ შეყვარებული’’, 2008 წელს კი, ადრიანო თავად გამოტყდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ პარტნიორთან სასიყვარულო კავშირის შესახებ მისმა მეუღლემაც იცოდა. მსგავსმა აღიარებამ ძალიან გაანაწყენა მუტი, რომელმაც ვერაფრით გაიგო, რა საჭირო იყო წარსულის გახსენება 30 წლის შემდეგ.
იმედგაცრუება - 1992 წელს ჩელენტანო სამუდამოდ დაემშვიდობა კინოს და ისევ მუსიკას დაუბრუნდა საკუთარი გადაწყვეტილება კი, იმედგაცრუებით ახსნა, რადგან მისივე განცხადებით ‘’თანამედროვე კინომ აბსოლუტურად დაკარგა ინდივიდუალურობა, თვითმყოფადობა და ბრიყვების შოუს დაემსგავსა ბანალური სიუჟეტებითა და უემოციო პერსონაჟებით’’. გამონაკლისი ადრიანომ მხოლოდ 2000 წელს დაუშვა, როცა სერიალში ‘’ინსპექტორი გლუკი’’ შეასრულა მთავარი როლი.
85 წლის ვარსკვლავი - სოლიდური ასაკის მიუხედავად, ადრიანო მაინც აქტიურ შემოქმედებით და სოციალურ ცხოვრებას მისდევს. 2011 წელს გამოსამშვიდობებელი კონცერტი მოაწყო ვერონაში, 2019-ში კი, ანიმაციური სერიალი ‘’ადრიანო’’ დადგა ახალგაზრდა მესაათეზე, რომლის მთავარი პერსონაჟი ხმითაც ძალიან ჰგავდა და გარეგნობითაც. ამასთანავე, ჩელენტანო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერად ითვლება, ყოველთვის თამამად აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქტიურად იბრძვის გარემოს დაბინძურების, ისტორიული ძეგლების განადგურების და პოლიტიკური ცენზურის წინააღმდეგ. მეტიც, 1990-იანი წლების ბოლოს 200 მილიონი ლირითაც დაჯარიმდა, რადგან იტალიელებს საარჩევნო ბიულეტენების დახევისკენ მოუწოდა.