პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.
უმრავლესობის წევრებმა მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს, წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ ყოფილა.
სხდომაზე კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარადგინა.
მისი თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები კარვის დადგმას არ კრძალავს, თუმცა იმ კონკრეტულ საფუძვლებს განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში იკრძალება ამის გაკეთება.
მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების არეალს ადგენს, კერძოდ, თითოეულ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უნდა გადაიდგას.
„აქ არაერთხელ გაიჟღერა სიტყვა კარავმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს დროებით კონსტრუქციაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს კარავი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი. მე ვაკვირდები პროცესებს, როდესაც ამ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი, რომ მცდელობა არის კარვების კონტექსტში რომ მოხდეს გადატანა და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ თითქოს ეს არის კარვების ამკრძალავი. მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების დროს კარვების დადგმას არავინ არ კრძალავს, არც ეს ცვლილებები და არც მოქმედი კანონი, რომლის ძირითადი ნაწილი ხელშეუხებელი რჩება. ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია, კარავი დადგას, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც ახლა განვსაზღვრავთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.