უკრაინის ქალაქ ხარკოვში ქვეყანაში პირველი სრულად მიწისქვეშა სკოლა აშენდება, რათა მოსწავლეები რუსეთის ხშირი დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვან.
„ასეთი თავშესაფარი ათასობით ხარკოველ ბავშვს საშუალებას მისცემს, განაგრძოს განათლების უსაფრთხოდ მიღება სარაკეტო საფრთხის დროსაც კი“, - განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
უკრაინაში, ომის გამო, ბევრი სკოლა იძულებულია სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ ხარკოვმა წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებამდე მეტროსადგურებში, დაახლოებით, 60 ცალკე საკლასო ოთახის მოწყობა მოახერხა და 1 000-ზე მეტი ბავშვისთვის იქ სასწავლო სივრცე შექმნა.
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მოსახლეობა 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 1.4 მილიონს აჭარბებდა.