საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს უპასუხა, სადაც მის დიდ ხნიან პაუზაზეც გააკეთა კომენტარი:
"დაახლოებით, 6 წლის წინ იდაყვის ტრავმა მივიღე და მას შემდეგ ტკივილით ვთამაშობდი. 2019 წელს ოპერაცია გავიკეთე, თუმცა შედეგი არ ჰქონდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწოდებისას ბიომექანიკის შეცვლა დამჭირდა, რომელმაც ახალ ტრავმამდე მიმიყვანა. ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩაწოდება არ შემეძლო. ტკივილის შესამცირებლად სხვადასხვა სახის მკურნალობა ვცადე, მაგრამ სრულად უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის მაისში კიდევ ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. იდაყვის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად, გარკვეული პერიოდით, აღარ ვტვირთავდი, თუმცა უკვე, თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და დაახლოებით, 1 თვეში კორტს დავუბრუნდები. ჩოგბურთის გარეშე გატარებულმა დრომ საშუალება მომცა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩავმდგარიყავი," - აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ბასილაშვილმა ბოლო მატჩი მაისში ჩაატარა, როდესაც ის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო რაუნდში მსოფლიოს 129 ჩოგანთან, ჯულიო ზეპიერისთან დამარცხდა. ნიკამ ბოლო გამარჯვება მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც დოჰას საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიოს 208-ე ჩოგანი, ჯემ ილკემი დაამარცხა.
31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული და 2019 წელს მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციას იკავებდა. ბოლო შეჯიბრი ბასილაშვილმა 2021 წელს მოიგო, როცა მიუნხენის ტურნირის ფინალში იან ლეონარდ შტრუფი დაამარცხა.