სლოვაკეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ელჩი ბრატისლავაში დაიბარეს, რათა საპროტესტო ნოტა გადასცეს. სლოვაკეთის საგარეო უწყების ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც კენჭისყრის წინა დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევა გაზარდა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსული დაზვერვის ცრუ განცხადება", "ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას". სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს ჩატარდა, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტო ფიკოს პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. საარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიკო აცხადებდა, რომ თუ მისი პარტია მთავრობაში მოვიდოდა, სლოვაკეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აღარ გააგრძელებდა.