სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება, ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე ისაუბრა.
როგორც მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ემზადებიან სასამართლო სხდომისთვის, რომელიც 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მისივე განმარტებით, პლენუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი.
„ველოდებით საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, საქართველოს პარლამენტის ხუთ დეპუტატს, ასევე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს. ხვალ, 12:00 საათზე დავიწყებთ სხდომას. ვფიქრობთ, რომ სხდომას ხვალვე დავამთავრებთ, მაგრამ შეიძლება, თუ პროცესის მონაწილეებმა ვერ მოასწრეს თავიანთი პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბება ან სასამართლოს კიდევ სხვა, დამატებით რაიმე ექნება გამოსაკვლევი, პროცესი გაგრძელდეს 4 ოქტომბერსაც, მაგრამ 4 ოქტომბერი ჩვენი წინასწარი გათვლით არის პროცესის დასრულების ბოლო ვადა, ამის შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემჭიდროებულ ვადებში დასკვნა გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით. მას ამ შემთხვევაში, ალბათ, ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე 9 მოსამართლის მონაწილეობით. თუ რამდენად სრულყოფილი იქნება სასამართლო განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელზეც პასუხები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს... ჩვენ ვფიქრობთ,რომ 3 ოქტომბერს და 4 ოქტომბერს ეს სხდომა ჩატარდება და დასრულდება განხილვა, მაგრამ თუ როგორი იქნება სიტუაცია, ამას ადგილზე ვნახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ და პლენუმის შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, საკმარისი იყო თუ არა წარმომადგენლის მიერ პროცესზე ჩამოყალიბებული არგუმენტები და პოზიცია, თუ საჭიროა, ასევე დამატებით პრეზიდენტის მოწვევა. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა გადაწყვეტილებას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით პრეზიდენტი იქნეს გამოძახებული და მოწვეული სასამართლოს სხდომაზე“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.