„ქართული ოცნების“ უმრავლესობა “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მორიგი ცვლილებების ინიციატივით გამოდის, რაც ინიციატორთა მტკიცებით, ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის − სასამართლოს რეფორმის რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება.
პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, პირის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა − სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონა − იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების ქონის მოთხოვნით.
დაგეგმილი ცვლილება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხსაც ეხება.
კერძოდ, პროექტის თანახმად, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ზუსტდება - კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმ გარემოების არსებობა უნდა დაასაბუთოს, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მკაცრდება აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი 6 თვემდე იზრდება. ამასთანავე, დგინდება, რომ პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.
ამავე პროექტით, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე იზრდება.
გარდა ამისა, ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის − შინაარსი.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი და მიხეილ სარჯველაძე.