„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებულ აღკვეთის ღონისძიებებს, შესაძლოა, ახალი სახის აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა დაემატოს.
ამასთან დაკავშირებით ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქმედი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ითვალისწინებს ხუთი სახის აღკვეთის ღონისძიებას: - გირაოს, შეთანხმებას გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირად თავდებობას, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობას და პატიმრობას. კანონის პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა ემატება.
აღნიშნული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას. ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.
გადაადგილების შეზღუდვა იმ პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომლის მკაცრი იზოლაცია - აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად - პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის.
პროექტის გათვალისწინებით, გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, გარდა ხანდაზმულობას მიღწეული პირისა (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან). ხანდაზმულობას მიღწეული პირის მიმართ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ მას ბრალი არაძალადობრივი დანაშაულისათვის აქვს წაყენებული. გადაადგილების შეზღუდვა ასევე არ გამოიყენება სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეების მიმართ.
პროექტით შემოთავაზებულია გადაადგილების შეზღუდვის ხანგრძლივობის 9 თვიანი ვადით შემოფარგვლა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან.
კანონის პროექტით გათვალისწინებულია, რომ აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება. პროექტის თანახმად, ელექტრონულ მონიტორინგს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ელექტრონული მონიტორინგი იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აღსრულდება.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, დღეს არსებული ხუთი აღკვეთის ღონისძიებიდან პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გირაო და პატიმრობა გამოიყენება. ინიციატორთა შეფასებით, გადაადგილების შეზღუდვის ღონისძიება, თავისი შინაარსითა და აღსრულების ფორმით, გაზრდის მოსამართლეთა შესაძლებლობას აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ და მსუბუქ სახეებს შორის არსებული დიაპაზონიდან ადამიანის უფლებების ყველაზე ნაკლებ შემზღუდველი და ამავე დროს შესაბამისი რისკების ეფექტიანად დამზღვევი ღონისძიება შეარჩიონ.
“აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება დადებით გავლენას იქონიებს ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მაღალი ალბათობით პატიმრობის და საპატიმრო გირაოს გამოყენების შემთხვევების შემცირებას გამოიწვევს“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ხოლო ინიციატორები მასთან ერთად არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი და ბაია კვიციანი.