2024 წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113,978 ადამიანის სახელფასო ფონდი 2-ნახრვარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც 2023 წელთან შედარებით 282 მილიონი ლარით მეტია. თუმცა, ეს 113,978 ადამიანი საჯარო სექტორის სრული ზომა არაა, რადგანაც ამაში არ შედის არც მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა და არც საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები. აღნიშნული რაოდენობა არც შტატგარეშე მოხელეებს არ მოიცავს. საქსტატის ინფორმაციით, მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო სექტორში სულ 300 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. ის თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება შტატგარეშე მოხელეთა ხელფასები 2024 წელს ბიუჯეტში არ წერია. მთლიანობაში როგორც შტატგარეშეების, ასევე სკოლის პედაგოგების და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები მომდევნო წელს 3.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
პარალელურად, გრძელდება მთავრობის ინიციატივა, რაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულის საშუალო თვიური ანაზღაურება 1840 ლარი იქნება, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თვეში 1,472 ლარს ნიშნავს.