წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა.
აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
შეკრებილებმა ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც, სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე ტერიტორიიდან განარიდეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მერიას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
დოკუმენტის თანახმად კი ირკვევა, რომ წალენჯიხის მერიამ, საკრებულოს ეწერ-ფერდში გზების რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა, მაგრამ საკრებულომ დოკუმენტი დაახარვეზა. დეპუტატების ნაწილმა, პროექტს მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა. „ქართული ოცნებიდან", ზაზა უბილავა, ერთ-ერთია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროექტს ამბობს, რომ დოკუმენტზე თანხა არ იყო დატანილი, ამიტომაც საკრებულომ პროექტი მერიას დაუბრუნა.
საპირისპიროს ამტკიცებს, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.
მისი თქმით, პროექტი სრულყოფილი იყო და თანხაც იყო მითითებული. მისთვის გაუგებარია რატომ ჩააგდო საკრებულომ აღნიშნული პროექტი. როგორც მერმა განაცხადა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ხელახლა წარუდგენს საკრებულოს პროექტს დასამტკიცებლად.
ეწერფერის მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.