საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება.
ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის 5.2%-ით ზრდაა გათვალისწინებული.
“2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5.2%-ით ზრდა. საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 5%. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პროგრესია. 2012 წელს როდესაც მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, მშპ იყო 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგებაა ბოლო 12 წელიწადში, 85 მილიარდზე მეტი იქნება მშპ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე 8 600 დოლარს გადააჭარბებს. წელს 8100 დოლარი იქნება. წლევანდელი ბიუჯეტიც საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, ჩვენი პროგნოზით 2027 წლისთვის ჩვენი პროგნოზით მშპ 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს რომ 1 სულ მოსახლეზე თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს.
2012 წელს ბიუჯეტი იყო 8.5 მლრდ ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მლნ ლარი. გასამმაგებაა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. დეფიციტს რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით, 2.5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38.2% იქნება 2024 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.