„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა.
რაც შეეხება იმპორტს, კვლევის შედეგებით, 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად, 75%-ით ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა.
„2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა 38 მლნ დოლარით (275%-ით). რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავაც ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო სექტორში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა”,- ნათქვამია ანგარიშში.