ოქტომბრის პირველ ნახევარში პროფკავშირები პარლამენტს მინიმალური ხელფასის ზრდის ინიციატივით მიმართავს. ეს უკვე პროფკავშირების მესამე ინიციატივაა, რომელიც შევა პარლამენტში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. საკანონმდებლოლ ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ახლა მაინც მოახერხებენ საკანონმდებლო ორგანოს დარწმუნებას, მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარის დაწესების აუცილებლობაში. ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ შემუშავებული კანონპროექტი მინიმუმ 183 ათას საქართველოს მოქალაქეს გაუუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას. რადგან დღეს არსებული მოცემულობით, მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც რეალობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მინიმალური ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის 40% უნდა იყოს. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში მინიმალური საშუალო ხელფასი 1804 ლარი და 50 თეთრი იყო. ანუ გამოდის, რომ ამ მოცემულობით მინიმალური ხელფასი საქართველოში 721 ლარსა და 80 თეთრს უნდა შეადგენდეს. პროფკავშირების თქმით, ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მათ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა დამსაქმებლების მხრიდან.