Queen-ის ყველაზე ცნობილი ჰიტები -
1973 წლის ივლისში ბრიტანულმა ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Queen გამოუშვა, რომელზე მუშაობა თითქმის ორი წელი გაგრძელდა. მართალია, ჩანაწერმა ვერ მოიპოვა კომერციული წარმატება, მაგრამ ჯგუფის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი ტირაჟიც ერთი-ორად გაიზარდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ოქროს სტატუსი შეიძინა. საერთო ჯამში Queen-მა 15 სტუდიური, 10 საკონცერტო ალბომი და 77 სინგლი ჩაწერა, რომელთა უმეტესობა შედევრად იქცა და დღემდე ჰიტად ითვლება.
პირველი კომერციული წარმატება ჯგუფს ფრედი მერკურის სინგლმა Bohemian Rhapsody-მ მოუტანა, რომელიც Queen-ის შემოქმედებითი პათოსისა და მონუმენტურობის ერთგვარ განსახიერებად იქცა. ექვსწუთიან ეპიკურ სიუიტაზე მისამღერის გარეშე, თუმცა ჰარდ-როკის, ოპერისა და ბალადის ჟანრული ელემენტებით, ჯგუფი სამი კვირა მუშაობდა EMI-ის ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიაში. მართალია, მერკურიმ სიმღერის სინგლად გამოშვება მოინდომა, მაგრამ წინააღმდეგი აღმოჩნდა პროდიუსერი ტომას ბეიკერი, რომელმაც ექვსწუთიანი კომპოზიციის დამოუკიდებლად გაშვება ნამდვილ კომერციულ თვითმკვლელობად მიიჩნია.
საბედნიეროდ ბეიკერი შეცდა, რადგან 1975 წლის ოქტომბრის თვეში გამოსული Bohemian Rhapsody, რომელმაც 9-კვირიანი ლიდერობა მოიპოვა ბრიტანული ჩარტში, არა მხოლოდ წლის სენსაციად, არამედ უნიკალურ მოვლენად იქცა მუსიკალურ სამყაროში, რადგან დღემდე არ აქვს ანალოგი.
1977 წელს ჩაწერილ კომპოზიციას, რომელიც ალბომში News of the World შევიდა, მერკურიმ საკუთარი შემოქმედების ‘’ყველაზე ამბიციური და ქედმაღლური’’ სიმღერა უწოდა, ‘’სინამდვილეში, We Are The Champions - ფრენკ სინატრას ცნობილი ჰიტის My Way-ს ჩემეული ვერსიაა. მართალია, სიმღერის დაწერა ფეხბურთის ფანებმა შთამაგონეს, მაგრამ მუშაობისას ნამდვილ ჩემპიონად ვიგრძენი თავი, რადგან წარმოვიდგინე სცენაზე გამოსულს როგორი კიჟინითა და გუგუნით შემხვდებოდა მილიონობით თაყვანისმცემელი“, - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელმაც მართლაც ბრწყინვალე ჰიმნი შექმნა ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის გულშემატკივრებისთვის.
სიმღერა, რომელმაც ალბომის Hot Space ჩავარდნის შემდეგ, Queen-ს ჩარტების ლიდერობა დაუბრუნა დრამერის როჯერ ტეილორის ავტორობით შეიქმნა. მართალია, ტეილორი საკუთარ სოლო ალბომში გეგმავდა კომპოზიციის შეტანას, რადგან Radio Ga Ga მცირეწლოვან შვილს მიუძღვნა, რომელიც სწორედ ასე აპროტესტებდა რადიოში მოსმენილ და დაწუნებულ სიმღერას, მაგრამ კომპოზიციის დამუშავების, ტექსტისა და არანჟირების შეცვლის შემდეგ ჯგუფმა ბრწყინვალე ჰიტი მიიღო, რომელიც არა მხოლოდ ალბომის The Works-ის წამყვან კომპოზიციად, არამედ ბრიტანული და ამერიკული ჩარტების ლიდერად იქცა.
რა თქმა უნდა, მერკურიმ კარგად იცოდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ‘’ბოჰემური რაფსოდიის’’ მსგავსი შედევრის შექმნა, თუმცა ალბომზე A Day at the Races მუშაობისას, მაინც მოსინჯა შესაძლებლობები და არანაკლებ საინტერესო კომპოზიცია შექმნა სოულისა და სოფთ-როკის ჟღერადობით. მართალია, სიმღერის პირვანდელი ვერსია მერკურის სოლირებით ჩაიწერა ფორტეპიანოს აკომპანემენტით, მაგრამ მოგვიანებით ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის ვოკალიც დაემატა. სწორედ ტრიომ შესძინა კომპოზიციას განსაკუთრებული ჟღერადობა, რომელიც მრავალხმიან გუნდს დაემსგავსა.
სხვათა შორის, 1976 წელს გამოსულ კლიპში მერკური უკანასკნელად გამოჩნდა გრძელი თმითა და ძველი იმიჯით. რამდენიმე თვის შემდეგ მუსიკოსმა სტილი შეიცვალა და პუბლიკის წინაშე მოკლე თმითა და ულვაშით წარსდგა.
კომპოზიცია I Want To Break Free, 1984 წლის ალბომიდან The Works, ბას-გიტარისტის ჯონ დიკონის საუკეთესო ნამუშევარია ჯგუფის შემადგენლობაში. სიმღერა მესამე პოზიციამდე დაწინაურდა ბრიტანულ ჩარტში და მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.
არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა კომპოზიციის კლიპი. მისი შექმნის იდეა როჯერ ტეილორს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე სერიოზული ვიდეოს შემდეგ ხალისიანი, ცოტა ირონიული კლიპის გადაღება შესთავაზა მეგობრებს. საკულტო ბრიტანული სერიალის დეკორაციების ფონზე ქალის სამოსში გამოწყობილმა მუსიკოსებმა მართლაც საოცარი ფურორი მოახდინეს. მეტიც, ვიდეოს წარმატების შემდეგ, მერკური მეტწილად სწორედ ეპატაჟური ქალბატონის ამპლუაში ასრულებდა სიმღერას სცენაზე.
1978 წელს მერკურის ავტორობით შექმნილმა კომპოზიციამ თავიდან მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა მუსიკოსებს, რადგან მელომანების დაწუნებული ვერც თოპ-ათეულში მოხვდა და მხოლოდ მე-11 პოზიციას დასჯერდა ჩარტებში. მეტიც, კომპოზიცია, რომელშიც ნარკოტიკებსა და ჰომოსექსუალიზმზე მინიშნებით, მერკური თითქოს მოითხოვდა მიეცათ მისთვის ცხოვრებით ბოლომდე დატკბობის უფლება, ჯგუფის წევრებმაც დაიწუნეს, რადგან ზედმეტად ეპატაჟურად მოეჩვენათ ფრედის ამგვარი სითამამე.
პოპულარობა სიმღერამ სარეკლამო რგოლების წყალობით მოიპოვა, რადგან მეტწილად მუსიკალური ფონად ჟღერდა, 1990-იან წლებში კი, მეორე სიცოცხლე შეიძინა და Queen-ის მორიგ შედევრად იქცა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა გასულ წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, ბრიტანელებმა სწორედ Don’t Stop Me Now დაასახელეს ყველაზე ოპტიმისტურ სიმღერად, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დაძლევასა და ხალისიანი განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარათ.
უკანასკნელი კომპოზიცია Queen-ის უკანასკნელი ალბომიდან Innuendo, ნაკრების მთავარ ჰიტად და ჯგუფის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად იქცა. სიმღერის ტექსტი და მუსიკა ბრაიან მეის ეკუთვნის, მანვე ჩაწერა ვოკალის ‘’შავი’’ ვერსიაც, რადგან შიდსთ დაავადებულ და ჯანმრთელობა დამძიმებულ მერკურის ძალიან გაუჭირდა სტუდიაში მისვლა, თუმცა მოსმენილით აღფრთოვანებულმა, თითქოს ტკივილი დაივიწყა და ერთი დუბლით ჩაწერა მთელი კომპოზიცია. ‘’ვფიქრობ, ფრედიმ საუკეთესო ვოკალური პარტია შეასრულა მთელი შემოქმედების მანძილზე’’, - აღნიშნა მეიმ, რომელზეც უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა მეგობრისა და კოლეგის ამგვარმა თავგანწირვამ.