აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას აპირებდა. სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქის უფლებებს დაიცავს. სომხეთის მთავრობის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი მთიანი ყარაბაღიდან 28 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ილჰამ ალიევის მრჩევლის თქმით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება სამაგალითო იქნება და შეთანხმებამ შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს. მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს საერთაშორისო ლიდერებიც ეხმაურებიან. გერმანია აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისკენ მოუწოდებს.