ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვის 146-ე დღეს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს. გაფიცვა ოთხ თვეზე მეტია გრძელდება და 11,000-ზე მეტ სცენარისტსა აერთიანებს. სცენარისტების გაფიცვას მსახიობებიც უერთდებიან.
გაფიცულები შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, კერძოდ, საბაზისო ხელფასისა და ციფრულ პლატფორმებზე მათი ფილმების ჩვენების ანაზღაურების გაზრდას. გაფიცულებს იმის გარანტიაც სურდათ, რომ სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტის დაწერილი სცენარი და კომპიუტერით გენერირებული ხმა და სახე ფილმებში მათ ჩასანაცვლებლად არ გამოიყენებოდა. გაფიცვის დროს სცენარისტებმა და მსახიობებმა მიმდინარე პროექტებზე მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც უამრავი ფილმის გადაღება შეჩერდა.
ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც თითქმის ყველა მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს. სცენარისტთა გილდიამ უახლოეს დღეებში კენჭი უნდა ყაროს, დათანხმდებიან თუ არა შეთავაზებულ პირობებს.
"სიამაყით ვაცხადებთ, რომ ეს უპრეცედენტო შეთანხმებაა, რომელიც სცენარისტთა უფლებებს ყველა სფეროში დაიცავს", — განაცხადა ამერიკის სცენარისტთა გილდიის წევრმა.
მიუხედავად ამისა, მსახიობებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ასიათასობით კინოინდუსტრიის წარმომადგენელი, მსახიობები, რეჟისორები, ვიზაჯისტები, პუბლიცისტები, ოპერატორები და ა.შ. კვლავაც აგრძელებს გაფიცვას, თუმცა სცენარისტების მოთხოვნის დაკმაყოფილება მათი პროტესტის წარმატებას და სტუდიებთან მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყობს ხელს.
ჯერჯერობით კი, ერთადერთი სფერო, რომელსაც მუშაობის გაგრძელება შეუძლია, ტელეგადაცემებია, რომელთაც მსახიობების მონაწილეობა არ სჭირდებათ, მაგალითად, ღამის შოუ ჯიმი ფელონთან ერთად და სხვა.