საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. ბოლო მატჩში პორტუგალიასთან განცდილი ფრე „ბორჯღალოსნებისთვის“ მრავალმხრივ უარყოფითი გამოდგა. ანგარიშისა და არასასურველი შედეგის გარდა, გუნდს ოფიციალურად გამოაკლდა ბექა გორგაძე.
როგორც ცნობილი გახდა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაშის მიმდინარეობის დროს კოჭის მძიმე ტრავმა მიიიღო და ტურნირს გამოეთიშა. მის ნაცვლად ლევან მაისაშვილმა ნაკრებში ოთარ გიორგაძე გამოიძახა. გიორგაძე ფრანგული ბრივის მორაგბეა და ის არაერთხელ ყოფილა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ის ასევე მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის „ბორჯღალოსნების“ გაფართოებულ შემადენლობაშიც, მაგრამ საბოლოოდ განაცხადში ვერ მოხვდა.
ბექა გორგაძის გარდა გუნდს გამოაკლდა ლუკა ჯაფარიძეც, რომელიც ტურნირზე ტრავმით ჩავიდა, თუმცა მედიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდებოდა. საბოლოოდ ხერხემლის მალის ტრავმის გაუარესების გამო მის მაგივრად მაისაშვილმა 20 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების წევრ ირაკლი აფციაურს უხმო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებს შორის შეხვედრა 30 სექტემბერს ბორდოში გაუმართება. ფიჯელებს უკვე 6 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, რაც შეეხება საქართველოს, ორი მატჩის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. თუ კუნძულელები მოახერხებენ დარჩენილი ორი მატჩის მოგებას, ამ შემთხვევაში, ისინი გარანტირებულად გავლენ მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში.