ნავთობიმპორტიორები კონკურანციის სააგენტოს წინააღმდეგ. ისტორია მეორდება, კონკურენციის სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნებისთვის 5 კომპანია 4 მლნ ლარით დააჯარიმა, ისინი კი სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ. ეს ისტორია უკვე ნანახი გვაქვს, რაც წლების წინ კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერით დასრულდა და დღემდე ვერ დაუდგენიათ ვის ჯიბეში მიდის ერთი ლარი ერთი ლიტრი საწვავიდან. ამჯერად კონკურენციის სააგენტოს საკითხით დაინტერესება საქართველოს პრემიერმა მოუწოდა. როგორც ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, სააგენტოს 10 დღის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა განმარტება რატომ არ მცირდებოდა საქართველოს საცალო ბაზარზე ფასები მსოფლიო ფასების პარალელურად. კონკრენციის სააგენტომ 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარი შეისწავლა და მაღალი ფასების შენარჩუნების ფაქტიც დაადგინა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა რომ "ლუკოილი," "ვისოლი“, გალფი, "სოკარი და "რომპეტროლი კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლს არღვევდნენ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. მაშინ, კომპანიები კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ დაეთანხმნენ და მიიღეს გადაწყვეტილება დავა სასამართლოში გაეგრძელებინათ. როგორც გაირკვა, სარჩელი სასამართლოში უკვე ხუთივე კომპანიამ შეიტანა, თუმცა ამ დრომდე განხილვა არ დაწყებულა. შესაბამისად, არც დაკისრებული ჯარიმა გადაუხდიათ.