ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დე-ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერს რეალობის აღქმის პრობლემა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებული აქვს. მან აფხაზებსა და ოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენს ერთიანობას ერთი საერთო მტერი ჰყავს.