სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 63 კგ წონით კატეგორიში ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს აჯობა. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და ჩემპიონი პირველად გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, სამი დღის წინ 55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ბელგრადში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. გივი მაჭარაშვილი და შოთა ფარტენაძე მესამე ადგილებზე გავიდნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ და გენო პეტრიაშვილმა ვერცხლები აიღეს.
პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ჩვენი გუნდი მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.