პარიზის პროკურატურა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის გასამართლებას გეგმავს. ფრანგ ოპოზიციონერ ლიდერს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ლე პენი და მისი მამა ჩართულები იყვნენ თანაშემწეების დასაქმების ფიქტიურ სქემაში. სწორედ ამ მეთოდით, მათ 2009-2017 წლებში შვიდ მილიონ ევრომდე გაფლანგეს. მთლიანობაში ამ საქმეში, 11 დეპუტატი, მათი თანაშემწეები და ლე პენის პარტიის კიდევ ოთხი წევრი ფიგურირებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლე პენსაც და სხვა ბრალდებულებსაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და გაფლანგული ფულის ორმაგი ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. გარდა ამისა, სასამართლოს ლე პენისთვის თანამდებობის დაკავების 10 წლიანი დისკვალიფიკაციის გამოცხადებაც შეუძლია, რაც 2027 წლის არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს.