უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ.
სამადაშვილის განცხადებით, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ მას სახელმწიფო ბორტი მამამ დაუფინანსა, ხალხს არ სჯერა, რომ სახელმწიფოს სახსრები მათი ინტერესებისთვის იხარჯება.
„ინტერპელაცია ისეთ საკითხს შეეხება, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, ძალიან უნდა, დღეს ჩვენ მოვისმინოთ ამ დარბაზში, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენ არ გვქონოდა ის ტრაგედია, რაც გვქონდა და ამიტომ გისმენდით ძალიან დიდი ყურადღებით. ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა ? მე მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებთ აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები, ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არ არის გაკეთებული - არც შოვშია გაკეთებული, არც გურიაშია გაკეთებული. თუ ყველაფერს აკეთებთ ადამიანების დასახმარებლად, 83 წლის აცრემლებული მოხუცი მე რატომ მირეკავს, რომ დაემარხა სახლი, კარი, ბაღი და ადამიანი არ არის მისი პატრონი? მოგცემთ ტელეფონს, დაურეკეთ და მოუგვარეთ ამ ადამიანს პრობლემები. იცით, რატომ არ სჯერა ხალხს თქვენი? იმიტომ, რომ როდესაც გამოდიან თქვენი პარტიის წარმომადგენლები, როდესაც გამოდის თქვენი პრემიერ-მინისტრი და ხალხს ეუბნება, რომ მამაჩემი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ბევრი იშრომაო და იშოვა საკმარისი ფული, რომ მე დამიქირაოს სახელმწიფო ბორტი, რომ ვიფრინოო, აღარ სჯერა იმ ადამიანს, რომ თქვენ საბიუჯეტო სახსრები დახარჯეთ იმაში, რომ 30 ადამიანი იმ დღეს იქ არ დაღუპულიყო და თუ გჯერათ, რომ დახარჯეთ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატომ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში, იმავე შემთხვევებში სოფელში არის გაფრთხილება და 10 წუთიც კი არის საკმარისი, რომ ადამიანები გაიხიზნონ და გადარჩნენ. ახლა ნუ მეტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს შვეიცარიის ბიუჯეტი. არ გვაქვს შვეიცარიის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ სახლში მიგაქვთ რაც გვაქვს და აღარ რჩება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.