ერევანში საპროტესტო ტალღა არ წყდება, მესამე დღეა სომხეთში მოქალაქეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 84 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც არის. სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაკეტეს. ისინი მიმდებარე ქუჩებს სკამებით, ელექტრო სკუტერებით და ავტომობილებით ბლოკავენ.