პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენით დაიწყო.
დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს, რომლითაც მინისტრს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.
„2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად შეწყვიტა. სამ წელზე მეტი გავიდა, რაც ანაკლიის პროექტი გაჩერებულია და მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმის არაერთი ცრუ დაპირება მის განხორციელებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის თებერვალში უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, აპირებს ანაკლიის პროექტის ინვესტორის გამოვლენას. პარალელურად, სახელმწიფო აპირებს არსებული საინჟინრო გარემოსდაცვითი კვლევების განახლებას და გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყებას. ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
კითხვა: - არსებული მდგომარეობით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში?
თავდაპირველი პროექტის შესაბამისად, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე სახელმწიფოს საორიენტაციოდ უნდა დაეხარჯა 330 მილიონ ლარი. დღეის მდგომარეობით მშენებლობის ღირებულება ალბათ გაიზრდება.
კითხვა: - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ კერძო ინვესტორი შეირჩევა, მანამდე სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში გზების გაყვანაც? რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მიმდინარე წელს, მაშინ როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის?
ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება ბიუჯეტში? რა ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი?
როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი.
კითხვა: - რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს აღნიშნული, არასადავო თანხა?
მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
კითხვა: - რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით? ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა? ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა ინვესტორებისათვის?
თავდაპირველი პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პირველი გემი ანაკლიის პორტში 2020 წელს უნდა შემოსულიყო.
კითხვა: - თქვენი აზრით, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?", - ასეთია ლევან დავითაშვილთან გაგზავნილი კითხვების შინაარსი.